ვინ არღვევს კონსტიტუციას, ხალხი, რომელიც არის ხელისუფლების ერთადერთი წყარო და დღეს თავის ძალაუფლებას უკან ითხოვს, თუ ივანიშვილი და მისი რეჟიმი, რომლებმაც ეს ძალაუფლება უკანონოდ მიიტაცეს? – 4 ოქტომბერს გავიდეთ გარეთ და მშვიდობიანად დავაბრუნოთ ქვეყანა კონსტიტუციური მართვის ჩარჩოში!- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უზურპატორია, რადგან არ არსებობს კონსტიტუციური თანამდებობა, რომელზეც ის ქართველმა ხალხმა აირჩია.
„ბოლო პერიოდში ხშირად გაიგონებთ „ქოცი“ ლიდერებისგან ერთსა და იმავე ფრაზას: „თუ ვინმე კანონს და კონსტიტუციას დაარღვევს, მკაცრად აგებს პასუხს”.
მოდით, ჯერ გავარკვიოთ ვინ არღვევს კონსტიტუციას, ხალხი, რომელიც არის ხელისუფლების ერთადერთი წყარო და დღეს თავის ძალაუფლებას უკან ითხოვს, თუ ივანიშვილი და მისი რეჟიმი, რომლებმაც ეს ძალაუფლება უკანონოდ მიიტაცეს?
პასუხი მარტივია, ვინც მიიტაცა ძალაუფლება, ის არღვევს კონსტიტუციას, ვინც ხალხზე ძალადობს, ის არღვევს კანონს.
დიახ, ბიძინა ივანიშვილი არის უზურპატორი, რადგან არ არსებობს კონსტიტუციური თანამდებობა, რომელზეც ხალხმა აირჩია იგი.
მე მესმის ხალხის სიფრთხილე, წინდახედულობა, ხანდახან შიშიც, ეს ბუნებრივია ასეთ დროს, მაგრამ მერწმუნეთ, „ქოცები“ უფრო მძიმედ არიან.
მათ უკეთ იციან საკუთარი ღალატი და დანაშაული. იციან, რომ ემსახურებიან არა ქვეყანას, არამედ კაცს, რომელსაც არავითარი ლეგიტიმაცია არ გააჩნია.
აი, ამიტომ ცდილობენ თითოეული დღე მოიგონ, რომ გადაავადონ ან აირიდონ პასუხისმგებლობა. მაგრამ ეს დრო იწურება! 4 ოქტომბერს გავიდეთ გარეთ და მშვიდობიანად დავაბრუნოთ ქვეყანა კონსტიტუციური მართვის ჩარჩოში, რადგან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს და ხელისუფლების ერთადერთი წყარო არის ხალხი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
