ჩელენჯ თასი | კასტრში 500 ქართველთან ერთად

“შავმა ლომმა” “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე 2024 წლის პირველი ღია ვარჯიში გამართა. გუნდი ჩელენჯ თასის მესამე რაუნდის თამაშისთვის ემზადება, რომელსაც 13 იანვარს საფრანგეთში, ადგილობრივი “კასტრის” წინააღმდეგ ჩვენი დროით 19:15 საათზე გამართავს.
ღია ვარჯიში ორმხრივ თამაშსაც მოიცავდა, რომლის დასრულების შემდეგ მორაგბეებმა მოლოდინებზე და მზადებაზე ისაუბრეს. მათ უკვე იციან, რომ 13 იანვარს “პიერ ფაბრეს” ტრიბუნებზე 500-მდე ქართველი იქნება.
ლუკა ცირეკიძე: „ნაყოფიერი კვირა გვქონდა. გავიარეთ შეტევის და დაცვის სისტემები. ისტორიული თამაში გველოდება და მაქსიმუმს გავიღებთ გულშემატკივრების გასახარებლად, რომელთა მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ“.
ორი ტურის შემდეგ
მესამე ჯგუფს 8 ქულით ინგლისური “გლოსტერი” ლიდერობს, “შავ ლომს”, “კასტრს”, “კლერმონს” და “ედინბურგს” 5-5 ქულა აქვთ, ჩვენგან ძლეული “სქარლეთსი” კი უქულოდაა. ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი, ფლეი ოფში კი ოთხი მოწინავე გადის.
თორნიკე კახოიძე: „სატურნირო თვალსაზრისით ამ თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს. გამარჯვების შემთხვევაში ისტორიულ შედეგთან ძალიან ახლოს ვიქნებით. მზადებამ კარგად ჩაიარა, ყველა დეტალი გავიარეთ და ვთვლი, რომ კარგ კონდიციაში ვართ. ვიცით, რომ ჩვენს საქომაგოდ კასტრში ძალიან ბევრი ქართველი ჩამოდის. მათი დანახვა ჩვენთვის დიდი სტიმული იქნება და მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ“.
ტრავმა მოიშუშა და “კასტრთან” თამაშისთვის ემზადება მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი:
„მოწინააღმდეგე ფავორიტია, თუმცა ეს ჩვენს მოტივაციას კიდევ უფრო ამაღლებს. ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული რაგბისთვის ამ ორ შეხვედრას. ჩვენი მიზანია, რომ საკუთარი თავისთვის მიცემული დავალება შევასრულოთ და კასტრში ჩამოსულ გულშემატკივართან ერთად მთელი საქართველო გავახაროთ. ვიცით, რომ “კასტრი” ფიზიკური გუნდია, თუმცა დარწმუნებული ვარ ამ კომპონენტში უპირატესობა ჩვენს მხარეს იქნება“.
Rugby.ge