მოსკოვის სასამართლომ ეკატერინა კოტრიკაძეს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა

მოსკოვის სასამართლომ დოჟდის წამყვან ეკატერინა კოტრიკაძეს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ამას წინ უსწრებდა ს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კოტრიკაძე, ასევე, დოჟდის გენერალური დირექტორი და კიდევ ერთი ჟურნალისტი “უცხოელი აგენტების სიაში” შეიყვანეს.
“სასამართლომ დააკმაყოფილა გამომძიებლების შუამდგომლობა და კოტრიკაძეს ორი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა რუსეთში ექსტრადიციის ან რუსეთში დაკავების დღიდან”, – თქვა სასამართლომ.
კოტრიკაძის წინააღმდეგ საქმე აღძრეს რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების მიზეზით.
კოტრიკაძე რუსულ ტელევიზიაში 2003 წლიდან მუშაობს. 2020 წლის სექტემბრიდან ის ტელეარხ დოჟდის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და წამყვანია. 2022 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ის უცხოელი აგენტების სიაში შეიყვანა. მიმდინარე წლის ივლისში, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მოსკოვის მთავარმა საგამოძიებო დირექტორატმა განაცხადა, რომ კოტრიკაძისა და დოჟდის კიდევ ორი ჟურნალისტის – ვალერია რატნიკოვას (რუსეთის ფედერაციაში უცხოელ აგენტად აღიარებული) და ტიხონ ძიადკოს (რუსეთის ფედერაციაში უცხოელ აგენტად აღიარებული) წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 მუხლის მე-2 ნაწილის (რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ განზრახ ცრუ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება) და რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 330.1 მუხლის მე-2 ნაწილის (უცხოელი აგენტების შესახებ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისგან თავის არიდება) შესაბამისად.