“დოჟდის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს და ტელეწამყვანს ეკატერინე კოტრიკაძეს რუსეთში აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.
ამის შესახებ რუსული სახელმწიფო სააგენტოები ავრცელებენ ცნობებს მოსკოვის გოლოვინსკის რაიონული სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
მოსკოვი ჟურნალისტს, რომელიც 2022 წელს იძულებული გახდა რუსეთი დაეტოვებინა, რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
2025 წლის მარტში რუსეთმა კოტრიკაძე “უცხოელი აგენტების” სიაში შეიყვანა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ივლისში აღიძრეს. ჯარზე გავრცელებული ინფორმაციის გარდა მას ასევე ედავებიან “უცხოური აგენტების” ვალდებულების შეუსრულებლობას.
ეკატერინე კოტრიკაძე და ტელეკომპანია დოჟდი, რომელიც რუსეთს ასევე შეყვანილი ჰყავს “უცხოელი აგენტების” რეესტრში, მუშაობას ემიგრაციიდან აგრძელებენ.
ანალოგიური კანონი, რომლითაც რუსეთში კოტრიკაძის მსგავსად ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს დევნიან, საქართველომაც მიიღო. ამიტომ ამ კანონებს საქართველოში მოქალაქეებმა “რუსული კანონები” უწოდეს. ამ კანონების საფუძველზე ახლა საქართველოში სურთ სამოქალაქო და მედიაორგანიზაციების დახურვა.
