მე რამდენ ძალადობას ვარ შესწრებული, მათ შორის, მანდატურების აღვირახსნილ ძალადობასაც და დღესაც ერთ-ერთი იყო, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა ნანა მალაშხიამ აქტივისტ გელა ხასაიას სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
როგორც მალაშხიამ აღნიშნა, მანდატურები მოქალაქეებს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და სასამართლოს დერეფანში „მუშტი-კრივი გამართეს“.
„მოსამართლემ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ პატიმრობაში ტოვებს გელას და მერე უბრალოდ ხალხის გაყრა დაიწყეს სასამართლო დარბაზიდან ხელის კვრით, უხეშობით. მთელს დერეფანში მუშტი-კრივი მიმდინარეობდა, ძალადობდნენ ქალებზე, კაცებზე, წარმოუდგენელი დაპირისპირება იყო სიტყვიერი, ფიზიკური. ადამიანად არ გაგრძნობინებენ თავს, როგორც ცხოველს, ისე გექცევიან.
მე რამდენ ძალადობას ვარ შესწრებული, მათ შორის, მანდატურების აღვირახსნილ ძალადობასაც და დღესაც ერთ-ერთი იყო. უბრალოდ, ჭყლეტაში მოვყევი და ცოტა ცუდად გავხდი ფიზიკურად. სამწუხაროა, რომ ამას რუტინული ხასიათი აქვს უკვე და როდისღაც უნდა გაჩერდნენ ესენი, იმიტომ, რომ არავის ეშინია, უბრალოდ, შეიძლება გახრჩობდეს ეს უსამართლობა. ეს არ დასრულდება ასე მარტივად და რაც უფრო ასეთ სისასტიკეს ექნება ადგილი, მით უფრო მწვავე რეაქცია და სიბრაზე ექნება ხალხს“, – განაცხადა ნანა მალაშხიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.
