ქალთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის, “საფარის” ინფორმაციით, დააკავეს პოლიციელი, რომელსაც არასრულწლოვანზე ადევნებას ედავებიან.
ორგანიზაციის ცნობით, დაზარალებულმა არასრულწლოვანმა მათ მიმართა მიმდინარე წლის ივლისში და შეატყობინა, რომ პოლიციელი მასთან სისტემურად ცდილობდა კომუნიკაციას, მათ შორის, მისი ნების საწინააღმდეგოდ ფიზიკურად ეხებოდა. საქმეზე მუშაობა დაიწყო “საფარის” იურისტმა, მარი ვარამაშვილმა. მისი ჩართულობით ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომლის შემდეგაც პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
“პოლიციელის ქმედების გამო, ბავშვს ცხოვრების სტილის შეცვლა მოუწია – ის ვეღარ დადიოდა იმ ადგილებში, სადაც მოძალადესთან შეხვედრა იყო მოსალოდნელი. პოლიციელმა იცოდა მსხვერპლის არასრულწლოვანების შესახებ და, ასევე, გოგოს გაცხადებული ჰქონდა, რომ ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მისთვის არასასურველი იყო”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ სამართალდამცველს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.




