სასამართლომ რესტორანი „ქვევრი“ ლაშა ბასლანძის მმართველობაში დააბრუნა

თბილისის საქალაქო სასამართლომ რესტორანი „ქვევრი“ ლაშა ბასლანძის მმართველობაში დააბრუნა.
„შემოჭრილი თაღლითები გავანადგურეთ და დღეიდან ისევ გელოდებით „ქვევრში“, — ამბობს ბასლანძე ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
„ტვ პირველის“ ცნობით, რესტორანში დღეს პოლიცია, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები და თავად ბასლანძე მივიდნენ. ბასლანძემ თქვა, რომ მას აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მოიჯარე მხარე არის თვითონ და მმართველობაში მისი კომპანია შპს „ქვევრი“ უნდა შევიდეს.
„მივმართეთ სასამართლოს… სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მოიჯარე მხარე ჩვენ ვართ და ჩვენ უნდა შევიდეთ მმართველობაში. ამდენი ხანია ვცდილობდით შესვლას და არ გამოვიდა, რის გამოც სასამართლომ მიმართა აღსრულებას“, — განაცხადა ბასლანძემ.
თამარ აბესაძე, ზურაბ (შალვა) ტიბუას ადვოკატი ამბობს, რომ რესტორანი ქვევრი ეკუთვნის ზურაბ ტიბუას, ხოლო ლაშა ბასლანძეს მის კლიენტთან რესტორნის საიჯარო ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული ანუ რესტორანს ქირაობდა და ამუშავებდა. მისი თქმით, ბასლანძემ არ შეასრულა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები, კერძოდ,, მფლობელს არ გადაუხადა ქირა, რის შემდეგაც მას რესტორნის დატოვება მოუწია.
„ძალიან გასაოცარია ეს ამბავი, იმიტომ რომ სასამართლომ ჩვენ უარი გვითხრა… მხარე არ ასრულებს ვალდებულებას, მაგრამ მათ ჩვენ კი არ დაგვიკმაყოფილეს კანონიერი მოთხოვნა, არამედ იმ მხარეს, რომელიც არღვევს საიჯარო ხელშეკრულების პირობებს“, — განაცხადა ტიბუას ადვოკატმა თამარ აბესაძემ.
მისივე თქმით, არავინ მიუციათ პასუხისგებაში ამ დავის გამო ამავე რესტორანში მომხდარი დაპირისპირების გამო.