უკანონო თევზჭერის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, ბოლო სამ თვეში, ამოღებულია 2300 მეტრზე მეტი სიგრძის სხვადასხვა ტიპის ბადე და 15 ერთეული თევზმახე – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

უკანონო თევზჭერის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, ბოლო სამ თვეში, ამოღებულია 2300 მეტრზე მეტი სიგრძის სხვადასხვა ტიპის ბადე და 15 ერთეული თევზმახე – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არაერთი პრევენციული ღონისძიება გაატარა – ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს.
„ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან პატრულირებას და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ შეტ ყობინებებზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ.
პარალელურად, პრევენციული ღონისძიებები ტარდება განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბრაკონიერობის ფაქტები ბოლო წლებში შედარებით ხშირია.
ბოლო 3 თვეში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარისა და გურიის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ პრევენციული ღონისძიებები გატარდა შავი ზღვის სანაპიროზე, თიქორის არხზე, ჟინვალის წყალსაცავზე, ასევე მდინარეებზე – ხობისწყალი, ტეხურა, ენგური, კაპარჭინა, მუნჩია, ყორათი, ჭანისწყალი, აბაშისწყალი, ჩოლოქი, აჭარისწყალი, მტკვარი, ქსანი და ქუსნო.

გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლების მიერ პრევენციული ღონისძიებები გატარდა დედაქალაქშიც, თბილისის ზღვაზე.

ღონისძიებების შედეგად ამოღებულია, ჯამში 2000 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ბადე, 300 მეტრი გასაჭიმი ბადე, 2 ერთეული მახე-ბადე, 13 ერთეული თევზმახე – ე.წ. „გოდორი“ და „ფაცერი“.

თევზმახეებსა და ბადეებში გახლართული თევზი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მდინარეებში დააბრუნეს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.