პლასტიკის ერთჯერადი საგნების აკრძალვა მიტანის სერვისს, დაახლოებით, 5-10%-ით გააძვირებს – რესტორატორთა ასოციაცია (bm.ge)

“პლასტიკის საგნების ჩანაცვლება იმ საშუალებებით, რომელიც უფრო ძვირია, რა თქმა უნდა სხვადასხვა პროდუქტებზე ფასს გაზრდის” – ამის შესახებ რესტორატორთა ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ აცხადებს.
ერთჯერადი პლასტიკის მოხმარების რეგულირებაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბიზნესთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ამჯერად სამინისტროს წარმომადგენლები, ჰიპერმარკეტების ქსელების და სტუმარმასპინძლობის სექტორს შეხვდნენ.
არსებული ინფორმაციით, სამინისტრო ერთჯერადი გამოყენების საგნების იმპორტისა და მოხმარების აკრძალვას 2026 წლის იანვრიდან გეგმავს, თუმცა ჯერ კონკრეტულ ვადებზე კერძო სექტორთან შეთანხმება მიღწეული არ არის. საუბარია საკვებთან შეხებაში არსებულ პლასტიკის ნაწარმის აკრძალვაზე, რაც სამინისტროში კერძო სექტორთან რამდენიმე შეხვედრა შედგა. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მთავრობას სურს რეალურად აღსრულებადი რეგულაცია მიიღოს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რა ტიპის პლასტიკის ნაწარმზე გავრცელდება აკრძალვა და რა ახალი თამაშის წესებით მოუწევს ოპერირება ბიზნესს.
შოთა ბურჯანაძის განცხადებით, მწარმოებლებისგან განსხვავებით სამასპინძლო სფერო გადაწყობას ახალ სტანდარტზე გაცილებით მარტივად მოახერხებს, თუმცა პლასტიკის ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივა გაცილებით ძვირი ღირს, რაც უფრო მეტად მიტანის სერვისს გააძვირებს და ბუნებრივია, დაგეგმილი ცვლილებები საბოლოოდ მომხმარებელზე აისახება.
“ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ეხება ბიზნესს, საბოლოოდ, ფინანსურად ეხება მომხმარებელსაც. თუ ბიზნესს უძვირდება პროდუქტის თვითღირებულება, ეს აისახება ფასში. პლასტიკის მოხმარება მთელი მსოფლიო მასშტაბით იმიტომ არის განვითარებული და ჯანმრთელობას ყურადღებას არ აქცევენ, რომ იაფია. მისი ჩანაცვლება იმ საშუალებებით, რომელიც ეკოლოგიურია, უფრო ძვირია, რაც რა თქმა უნდა, პროდუქტის თვითღირებულებას გააძვირებს. ძირითადად, ეს მიტანის სერვისში აისახება. ვფიქრობ, ამის გავლენით მომხმარებელს პროდუქტი 5-დან 10%-მდე გაუძვირდება.
ვთვლი, რომ სარესტორნო სფეროსთვის დაგეგმილი ცვლილებები მტკივნეული არ იქნება. ჩანაცვლება მოხდება და მცირედით გააძვირებს პროდუქტს, მაგრამ მწარმოებლების და ექსპორტიორების შემთხვევაში უფრო საჭიროებს გადაწყობას და მორგებას ახალ კანონმდებლობაზე”,-აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
არსებული ინფორმაციით, შეზღუდვა ეხება ბაზარზე ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის საგნების განთავსებას და კანონი წარმოებას და ექსპორტს არ კრძალავს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612 მილიონზე მეტ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქას, თავსახურს, საკვების კონტეინერს, დანას, ჩანგალს, კოვზს, ე.წ. „საწრუპს“, თეფშს და სასმლის მოსარევს მოიხმარს, რაც ჯამურად 4-დან – 6 ათას ტონამდე პლასტიკს შეადგენს. ამ მოცემულობით, პლასტიკის საგნების რა ტიპის რეგულირებას სთავაზობს ბაზარს დარგობრივი სამინისტრო ჯერ უცნობია.