აშშ-ის ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება, ე.წ. „შათდაუნი“ ოფიციალურად დაიწყო. მთავრობის მუშაობის შეჩერება რამდენიმე საათშიდაიწყო მას შემდეგ, რაც „რესპუბლიკელების“ მიერ კონტროლირებადმა სენატმა ვერ შეძლო სამთავრობო ხარჯების შესახებ კანონპროექტის მიღება.
„შათდაუნმა“ შესაძლოა დროებით შეაჩეროს აშშ-ის მთავრობის ზოგიერთი – მაგრამ არა ყველა – სერვისი. როგორც წესი, სიცოცხლისა და ქონების დასაცავად კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციები აუცილებლად ითვლება და ღია რჩება.
უწყებები ოთხშაბათს დილით დაიწყებენ დახურვის პროცედურების განხორციელებას, რათა ასობით ათასი თანამშრომელი სამსახურებში დატოვონ, ან შვებულებაში გაუშვან. თითქმის არცერთი ფედერალური თანამშრომელი, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ის შვებულებაში, არ მიიღებს ანაზღაურებას მანამ, სანამ კონგრესი შეთანხმებას არ მიაღწევს. ანაზღაურებას ყველა თანამშრომელი მოგვიანებით მიიღებს მას შემდეგ, რაც „შათდაუნი“ დასრულდება.
ეს არის აშშ-ის მთავრობის პირველი „შათდაუნი“ 2018 წლის შემდეგ. აშშ-ის მთავრობის მუშაობის შეჩერება ბოლოს 2018 წლის ბოლოს დაიწყო და 34 დღის განმავლობაში გაგრძელდა. აშშ-ის ფედერალური მთავრობის დახურვა (შათდაუნი) ნიშნავს, რომ მთავრობის ყველა არაარსებითი ფუნქცია შეჩერდება. ფედერალური უწყებები დამოკიდებულები არიან კონგრესის მიერ დამტკიცებულ დაფინანსებაზე, რათა პრეზიდენტს საშუალება მიეცეს ხელი მოაწეროს მომავალი ფისკალური წლის ბიუჯეტის კანონს. თუ კონგრესმენები დაფინანსებას ვერ დაამტკიცებენ, მაშინ ეს უწყებები იძულებულები ხდებიან, დაიხურონ.
