“ჭრებალოს მარნის” მენეჯერი, ნათია ლოლუა ზაფხულის სეზონს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ტურისტულ ობიექტზე ვიზიტორები გაორმაგებული რაოდენობით ჰყავდათ.
როგორც “ბიზნესპარტნიორთან” ღვინის მარნის წარმომადგენელი აღნიშნავს, მომხმარებლების ზრდის მიზეზები კომპლექსურია, თუმცა ზოგად ჭრილში – რაჭის მიმართ ტურისტული ინტერესი გაიზარდა. ამასთან, ობიექტზე არსებულ რესტორანს მეორე დარბაზიც დაემატა, შესაბამისად, ახლა უკვე მეტი მომხმარებლების მიღება შეუძლიათ.
“ზაფხულის სეზონი დატვირთული იყო. სტუმრების უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობა გახლდათ, განსაკუთრებით თბილისიდან ჩამოდიოდნენ. უცხოეთიდან ამ ეტაპზე, ებრაელი ვიზიტორები არიან. ზოგადად, საკუთარი მომხმარებელი გვყავს, რომლებსაც ჩვენი პროდუქცია ძალიან მოსწონს. დრო გადის, ბაზარზე აქტიურად ვოპერირებთ, ამიტომ მომხმარებლების რაოდენობაც იზრდება. ამასთან, სოციალურ ქსელში აქტიურები ვართ, ძალიან დიდ ყურადღებას სწორ მარკეტინგულ ჩართულობას ვუთმობთ”, – აღნიშნავს ღვინის მარნის მენეჯერი.
ნათია ლოლუა წარმადობის შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ კომპანია წელიწადში 300 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს.
“ადგილობრივი რაჭა-ლეჩხუმის ჯიშებისგან ვაწარმოებთ სხვადასხვა, ტრადიციულ, ახალ ღვინოს, რომელიც ჩვენ შევქმნით. საექსპორტო ბაზრის გაფართოებას, ამ ეტაპზე, არ ვგეგმავთ. ექსპორტზე, მაგალითად, აშშ-ში, გერმანიაში გავდივართ. ასევე ადგილობრივ ბაზარზეც ვართ წარმოდგენილი, 8 000-ს მოსავალში შეგიძლიათ, გვნახოთ. ერთი ბოთლი ღვინის საშუალო დიაპაზონი 25 ლარიდან 50 ლარამდე მერყეობს”, – აცხადებს ნათია ლოლუა.
ცნობისთვის, მარანი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭრებალოში, ხვანჭკარის ზონაში მდებარეობს. ვენახის ფართობი 10 ჰექტარია. განთავსებულია 1896 წელს აშენებულ ისტორიულ შენობაში მდინარე ასკის პირას, ხოლო ვენახი გაშენებულია სოფ. ჟოშხაში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე.
კომპანიის მფლობელები წარმოადგენენ თავად სოფელ ჭრებალოს დამფუძნებლების შთამომავლებს, სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა სოფ. ჭრებალოს ისტორიულ შენობაში ღვინის საწარმოსა და მარნის დაარსება. “ჭრებალოს მარანი” რაჭა-ლეჩხუმის რჩეული ვენახებიდან 6 სახეობის ქვევრის, მშრალ და ნატურალურად ნახევრად ტკბილ ღვინოებს აწარმოებს. მარანში ხდება ასევე ჭაჭის წარმოებაც.
წყარო: bp.ge
