„კაცი, რომლის მთავარსარდლობისასაც შეიქმნა ომის დეპარტამენტი, იყო ჯორჯ ვაშინგტონი. კაცი, რომლის პრეზიდენტობის დროსაც აღდგა ომის დეპარტამენტი, არის პრეზიდენტი ტრამპი…“
ასე წარადგინა აშშ-ის ომის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 30 სექტემბერს ქუანტიკოს ბაზაზე (ვირჯინია) აშშ-ის სამხედრო ლიდერებთან შეხვედრაზე. პრეზიდენტ ტრამპის გამოსვლა საათზე მეტხანს გაგრძელდა.
დონალდ ტრამპმა დაიწყო იმის აღნიშვნით, რომ ამაყობს აშშ-ის შეიარაღებული ძალებით, აღნიშნა, რომ აშშ ყველა ომში გამარჯვებულია და ამის შემდეგ შეუდგა იმ ომების ჩამოთვლას, რომლებიც მისი ხელშეწყობით დასრულდა ან თავიდან იქნა აცილებული. მათ შორის, დანანებით აღნიშნა, რომ 29 სექტემბერს „შეიძლებოდა მოგვარებულიყო ომი შუა აღმოსავლეთში, რაც სამი ათასი წელია არ მომხდარა. …ჰამასი უნდა დათანხმდეს. თუ ასე არ მოხდება, ვფიქრობ, მათთვის ძალიან მძიმე იქნება, მაგრამ რაც არის, ეს არის. ვფიქრობ, ყველა არაბული ქვეყანა, მუსლიმანური ქვეყანა თანახმაა, ისრაელი თანახმაა“.
დონალდ ტრამპმა განაცხადა ისიც, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არ არის ყველაზე რთული მიმდინარე ომებს შორის:
„მე ვთქვი: 1. ის არასდროს მოხდებოდა, პრეზიდენტი მე რომ ვყოფილიყავი, არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო, შანსი არ ექნებოდა და არც მომხდარა ოთხი წლის განმავლობაში.
მე ვიცნობ პუტინს საკმაოდ კარგად და ვფიქრობდი ადვილი იქნებოდა, რადგან ასე კარგად ვიცნობ. ეს ომი ყველაზე რთული არ უნდა ყოფილიყო. ვიცით, ზოგიერთი ომი იყო მოუგვარებელი და ყველა მოგვარდა. თუკი ის, რაც გუშინ გავაკეთეთ [შუა აღმოსავლეთზე – რთ], შედეგს მოიტანს, ეს ერთ ომზე მეტს შეეხება, უამრავი ომია ერთმანეთთან დაკავშირებული, ბევრი განსხვავებული ქვეყნისა და განსხვავებული შესაძლებლობების ჩართულობით. ეს დედამიწის დიდი ნაწილია. და თუ ეს მოგვარდება, ჩემს თავს დავუწერ A+-ს, ორი ან სამი პლუსით.
მოსაგვარებელი გვაქვს კიდევ ერთი ომი, რომელიც უნდა მოვაგვაროთ პრეზიდენტ პუტინთან. ზელენსკიმ უნდა მოუყაროს მათ თავი და საქმე დაასრულოს. თუმცა ერთადერთი გზა, რომლითაც ამის გაკეთებას შევძლებთ, არის გზა ძალის მეშვეობით. სუსტები რომ ვიყოთ, ტელეფონზეც კი არ მიპასუხებდნენ. ჩვენ უკიდურესად დიდი ძალა გვაქვს“.
აშშ-ის პრეზიდენტმა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე საუბრისას, შეეხო ბირთვული პოტენციალის გაძლიერებასაც და ამ კონტექსტში ახსენა რუსეთიდან მუქარა მასზე აშშ-ის რეაგირებასთან ერთად:
„ალბათ, იცით, მე აღვადგინე ჩვენი ბირთვული [შეიარაღება] და განვაახლებთ იმ იმედით, რომ არასდროს მოგვიწევს გამოყენება. იმედი უნდა გვქონდეს, რომ არასდროს მოგვიწევს მისი გამოყენება, ვინაიდან მისი ძალა არის იმდენად დაუჯერებელი, როცა ხედავ შედეგს, რა რჩება [ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგად – რთ], არასდროს მოგინდება გამოყენება, არასდროს. აღარასდროს.
ბოლო ხანს რუსეთი ცოტათი დაგვემუქრა და მე გავგზავნე ბირთვული წყალქვეშა გემი, ყველაზე მომაკვდინებელი იარაღი, რაც კი აქამდე შექმნილა, ნომერი პირველი. ჩვენ 25 წლით ვუსწრებთ რუსეთსა და ჩინეთს წყალქვეშა გემებში. რუსეთი მეორეა წყალქვეშა გემებში, ჩინეთი – მესამე. თუმცა ისინი მოიწევენ, მოიწევენ. …5 წელიწადში გათანაბრდებიან. მოიწევენ.
არ არის აუცილებელი ძალიან ძლიერი იყო ბირთვული შეიარაღების კუთხით. შესაძლოა გქონდეს იმის ერთი მეოცედი, რაც დღეს გაქვს, მაგრამ მაინც შეძლებ საშინელი ზიანის მოტანას. თუმცა, მე გამოვაცხადე, მის მიერ ბირთვული იარაღის ხსენებაზე დაფუძნებით – და ვინც ეს ახსენა, სულელია, ვინც ამის ხსენებაზე მუშაობს – ერთი ან ორი წყალქვეშა გემის გაგზავნაზე რუსეთის სანაპიროსკენ, სიფრთხილისთვის, რადგან ჩვენ ვერ დავუშვებთ ადამიანებმა ასე ისროლონ ეს სიტყვა. მე მას ვუწოდებ დასასრულის სიტყვას. ორი ასეთი სიტყვაა და არცერთის გამოყენება არ შეიძლება.
გულწრფელად გითხრათ, გამოყენებაზე თუ მიდგა საქმე, ჩვენ ყველაზე მეტი გვაქვს, უკეთესი, უფრო ახალი, მაგრამ ეს არის ის, რაზე ფიქრიც კი არ გვინდა. მაგრამ თუ ვინმე მას ახსენებს, წყალქვეშა გემი მყისიერად ამუშავდა, ის შეუმჩნეველია. თუმცა დარწმუნებული ვარ, არ მოგვიწევს გამოყენება. თუმცა, ის საოცარია, ამოუცნობი. ჩვენი ასეთია. არის ამოცნობადიც, რომელსაც იოლად აღმოაჩენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს გენიალური აპარატი, რომელიც შეუძლებელს ხდის ამოცნობას ვინმეს მიერ, წყალს ზემოთ, თუ წყალქვეშ. დაუჯერებელი რამეა. ჩვენ ყველას ვუსწრებთ ამ მხრივ. სხვა რაღაცებშიც“.
ტრამპის თანახმად, დღეს აშშ კოსმოსური ძალების განვითარებითაც ასწრებს რუსეთსა და ჩინეთს:
„უნდა ვიყოთ ისეთი ძლიერები, რომ ვერცერთმა სახელმწიფომ ვერ გაბედოს ჩვენი გამოწვევა; იმდენად ძლევამოსილები, რომ ვერც ერთმა მტერმა ვერ გაბედოს დამუქრება; იმდენად უნარიანები, რომ არც ერთმა მოწინააღმდეგემ არც კი იფიქროს ჩვენს დამარცხებაზე“.
რუსეთსა და უკრაინის წინააღმდეგ კრემლის ომს ტრამპი არაერთხელ მიუბრუნდა. მისი სურვილია ეს იყოს „მერვე ომი, რვა თვეში“, რომელსაც ის „მოაგვარებს“ და რომ „ასეთი რამ ჯერ არავის გაუკეთებია“. თავად დასვა კითხვა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატობის პერსპექტივაზე და თავადვე უპასუხა:
„მიიღებ ამისთვის ნობელის პრემიას? – აბსოლუტურად არა. ისინი მას მისცემენ ვიღაცას, ვისაც არაფერი გაუკეთებია. მისცემენ ვიღაცას, ვინც დაწერა წიგნი დონალდ ტრამპის გონებაზე… ეს დიდი შეურაცხყოფა იქნება ჩვენი ქვეყნის. ჩემთვის არ მინდა, ქვეყნისთვის მინდა“.
დონალდ ტრამპი დაჰპირდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ლიდერებს, რომ ის იქნება პრეზიდენტი, რომელიც მათ ომებს ააცილებს და მინიმალურად აომებს:
„ჩვენ არ ვიქნებით პოლიტიკურად კორექტულები, როცა საქმე შეეხება ამერიკის თავისუფლების დაცვას და ჩვენ ვიქნებით ბრძოლისა და გამარჯვების მანქანა. ჩვენ გვსურს ბრძოლა და გვსურს გამარჯვება. ჩვენ ვიომებთ რაც შეიძლება ცოტას. ჩემნაირი ადამიანების იმედი უნდა გქონდეთ, ვინც ომებს აგაცილებთ, რადგან ჩვენ არ გვინდა ომებში ჩაბმა“.
ტრამპმა ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ გაუსვა მისი ჩარევით მოგვარებულ და თავიდან აცილებულ კონფლიქტებს, თუმცა კვლავ აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ის შეიარაღებული ძალების მაღალი სამხედრო მზადყოფნა.
„ამ მიზნის გათვალისწინებით, ვაპირებ ერთი ტრილიონი დოლარის დახარჯვას 2026-ში სამხედრო ძალებზე და ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მაქსიმუმი“.
აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთ სიახლეზეც ილაპარაკა, მათ შორის, ახალი მოიერიშე თვითმფრინავის, F-57-ის შექმნის პერსპექტივაზე. ის აცხადებს, რომ აშშ ათეულობით მილიარდ დოლარს დახარჯავს ბირთვული მოგერიების შესაძლებლობების განახლებაზე. ახსენა ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა „ოქროს გუმბათის“ შექმნის მიმდინარეობაც. თქვა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალებს 19 გემი შეემატება.
მან 30 სექტემბრის გამოსვლისასაც გამოთქვა კმაყოფილება იმით, რომ ნატოს ევროპელი წევრები დღეს ბევრად მეტს ხარჯავენ შეიარაღებაზე:
“ისინი არ იხდიდნენ 2%-საც კი, რადგან იცოდნენ, ჩვენ ვიხდიდით. ახლა კი იხდიან 5%-მდე. ეს ტრილიონობით დოლარია. ჩვენ არ ვხარჯავთ ფულს, ათ ცენტსაც კი. ჩვენს ტექნიკას ვყიდით ნატოზე. ნატო გვიხდის ამ ტექნიკისთვის და აძლევს უკრაინას, ანდა ვისაც უნდათ. შეუძლიათ შეინახონ. მაგრამ ჩვენ არ ვმონაწილეობთ ამაში, ჩვენი ფული არ მიდის. ბაიდენმა მისცა 350 მილიარდი დოლარი. ეს არამდგრადია. 350 მილიარდი და ჩვენ გვაქვს ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო.
ჩვენ ვყიდით ტექნიკას. ისინი ყიდულობენ სრულ, სამართლიან ფასად. არ მინდა ვთქვა, რომ ფულს ვაკეთებთ. არ მინდა ვიყო ის, ვინც ომებზე აკეთებს ფულს. ძალიან ბევრი ადამიანი კვდება. ისინი 7 ათას ჯარისკაცს კარგავენ კვირაში. ბევრი მათგანი რუსი ჯარისკაცია. ორი ქვეყანა კარგავს უმრავლესად ჯარისკაცებს. ზოგჯერ კიევში რაკეტებით, დრონებით კლავენ ადამიანებს, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ჯარისკაცები [იღუპებიან].
რუსეთი და უკრაინა კარგავენ 7 ათას სიცოცხლეს. ისინი არ არიან ამერიკელები. ჩვენ და თქვენ არ ვართ, ვის მიმართაც განსაკუთრებული ვალდებულება მაქვს, მაგრამ ჯარისკაცები არიან, ახალგაზრდები. ისინი ტოვებენ მშობლებს, ემშვიდობებიან და ორ დღეში ფეთქდებიან, ასე არასაჭიროდ და ეს არის უპირველესი მიზეზი, რატომაც მსურს ამის მოგვარება. ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ. სიგიჟეა, რაც ხდება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ცუდი ომია. დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა გიჟურია. 5-დან 7 ათასამდე ჯარისკაცი იღუპება, წარმოიდგინეთ.
ვფიქრობ, ჩვენ ამას მოვაგვარებთ. როგორც ჩანს, ეს ყველაზე რთული [ომი] აღმოჩნდა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტ პუტინით. მას ეს უნდა მოეგვარებინა ერთ კვირაში.
მე მას ვუთხარი: არ გამოიყურები კარგად, ოთხი წელია აწარმოებ ომს, რომელიც ერთ კვირას უნდა გაგრძელებულიყო. შენ რა, ქაღალდის ვეფხვი ხარ? ეს სამარცხვინოა. სინამდვილეში, ვფიქრობ, მოვაგვარებთ ისევე, როგორც… თეორიულად, დავაკაკუნებ, რადგან არასდროს იცი დანამდვილებით… ისევე, როგორც მოვაგვარებთ შუა აღმოსავლეთს, რომელიც ბევრად რთულია, ათასწლეულებია გრძელდება. მაგრამ მოვაგვარებთ“.
ნატოს ქვეყნების გარდა, ტრამპმა აშშ-ის სხვა მოკავშირეების მიერ შეიარაღებასა და სამხედრო ძალების გაძლიერებაზე ხარჯის ზრდაც აღნიშნა.
ფორუმი
