თუ ვინმე მონაწილეობდა უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში, მათ მიმართაც ამოქმედდება შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელთაც სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
კობახიძის თქმით, აღნიშნული თემა სამართალდამცავი უწყებების საქმეა.
„ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი. როგორც მოგეხსენებათ, კონკრეტული განაჩენი არის უკვე დამდგარი და თუ ვინმე მონაწილეობდა უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში, მათ მიმართაც ამოქმედდება შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები, თუმცა, ეს არის თავიდან ბოლომდე სამართალდამცავი უწყებების საქმე”, – განაცხადა კობახიძემ.
ინფორმაციისთვის, „თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ. საქართველოს პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა 2017-2023 წლებში მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2 944 957 აშშ დოლარის და 1 097 187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მშობლების დახმარებით.
ორივე მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
