„ყოველთვის მჯეროდა, რომ ვინც წიგნს კითხულობს, რაღაცნაირად ხელახლა წერს მას. ავტორი მითითებებს გვთავაზობს, მაგრამ მერე მკითხველმა საკუთარი წარმოსახვის უნარითა და იმ სამყაროს ცოდნით, რომელშიც ცხოვრობს, შემოთავაზებულის ხელახლა აგება და წიგნის პერსონაჟების უცხო სხეულების თავად მორგება უნდა შესძლოს.
ამიტომ მიმაჩნია, რომ ლიტერატურა ჭეშმარიტი სიხარულის, ტკბილი განცდის წყაროა, და არა – შინაარსის, რომელსაც წიგნები გვთავაზობენ, არამედ იმის გამო, რომ კითხვა ადამიანის ინდივიდად ჩამოყალიბებისათვის დიდი წვრთნაა. კითხვის პროცესში ამბის, საუბრის, ფიქრის, ფანტაზიის, ოცნების საგნად, ინდივიდად გარდავიქმნებით და ამ გარდაქმნას არც დასასრული აქვს, არც საზღვარი და არც პაუზა. ამიტომაცაა წერა შეუძლებელი, თუ არ კითხულობ. მკითხველის გარეშე წერა არ არსებობს და წერის თვინიერ ვერც მკითხველი იარსებებს“, – ეს სიტყვები წიგნიდან „წერის სიყვარული“ ეკუთვნის საყოველთაოდ აღიარებულ იტალიელ პროზაიკოსს, პოეტს, დრამატურგს, რეჟისორს, სცენარისტს, პუბლიცისტს, კინოდოკუმენტალისტს, ჟურნალისტს, მთარგმნელს, დაჩა მარაინის, რომლის მრავალრიცხოვანი რომანი, პიესა, ლექსი თუ ესეისტური ნაშრომი მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო პრესტიჟული ლიტერატურული პრემია აქვს მოპოვებული.
თანამედროვე იტალიური და მსოფლიო მწერლობის აღიარებული მეტრი, დაჩა მარაინი საქართველოში გასულ წელს უნდა ჩამოსულიყო, თუმცა მიზეზთა გამო მისი ვიზიტი გადაიდო. გავრცელებული ინფორმაციით, დაჩა მარაინი თბილისში, ოქტომბერში, ჩამოდის.
სწორედ ამიტომ, News.ge-მ რამდენიმე კითხვით მიმართა იტალიური ლიტერატურის მთარგმნელს, ნუნუ გელაძეს, რომელიც 20 წელზე მეტია იტალიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევა, თარგმნილი და გამოქვეყნებული აქვს 37 ქართველი პოეტის ლექსები და ორი პროზაული კრებული, ასევე, არაერთი იტალიელი ავტორი თარგმნა ქართულ ენაზე და ქართულ-იტალიურ კულტურათშორის ერთგვარ დამაკავშირებელს წარმოადგენს.
დაჩა მარაინი და ნუნუ გელაძე
ქალბატონო ნუნუ, სოლიდურ ასაკში მყოფი დაჩა მარაინი თბილისს სულ რამდენიმე დღეში ეწვევა, როგორ დაითანხმეთ?
ნუნუ გელაძე: დიახ, დაჩა მარაინი 89 წლისაა, მაგრამ კვლავ აგრძელებს ჩვეული რიტმით ცხოვრებას: დილით ადრე დგება, წერს, კითხულობს უამრავ წიგნს, რადგან ბევრი სალიტერატურო კონკურსის ჟიურის ან თავმჯდომარეა, ან წევრი, სხვათა შორის, სათვალეს არ ხმარობს; ხშირად დადის საზღვარგარეთ, კვირაში ერთხელ მაინც უნივერსიტეტებსა და სკოლებში ახალგაზრდებთან სასაუბროდ ეშურება; სისტემატურად აქვეყნებს სტატიებს ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე, ძველებური შემართებით იცავს ქალების, ლტოლვილთა თუ უმცირესობათა უფლებებს, ებრძვის რასიზმს და ისლამის დემონიზაციას, აღვირახსნილ ფუფუნებას და ბავშვთა შრომის დაკაბალებას; ეწევა ქველმოქმედებას და უანგაროდ ხელმძღვანელობს ლიტერატურული დაოსტატების კურსებსა და ლიტერატურულ ფესტივალებს. ჩვენი გაცნობის დღიდან, როცა სურვილი გამოთქვა მისი ახლადგამოცემული ერთი რომანი ქართულად მეთარგმნა, საქართველოში უნდოდა ჩამოსვლა, მაგრამ ვერ ახერხებდა და როგორც იქნა, სამი დღე გამონახა.
იმის გათვალისწინებითაც, რომ დაჩა მარაინი თქვენი მეგობარია – რა ინფორმაციას ფლობს მწერალი საქართველოს შესახებ?
ნუნუ გელაძე: ცხადია, ისტორიის მოყვარულ ადამიანს საქართველოს შესახებ ინფორმაცია ექნება; ჩვენს დღევანდელობაზე ნათქვამი აქვს, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ და მშვიდობა უნდა შევინარჩუნოთ.
თუ არ მეშლება, დაჩა მარაინი 1962 წელს გამოსცემს პირველ რომანს „არდადეგები“, რომლის წინასიტყვაობა ეკუთვნის ალბერტო მორავიას, იმავე წელს უკვე სახელგანთქმული მწერალი ელზა მორანტეს მიატოვებს და მათი სიყვარული ოთხმოციან წლებამდე გასტანს; როგორ ფიქრობთ, დაჩა მარაინის შემოქმედებაზე იქონია თუ არა გავლენა ალბერტო მორავიამ?
ნუნუ გელაძე: თავად დაჩა ამ „მიტოვებაზე“ ყვება, რომ ელზა და ალბერტო არაოფიციალურად უკვე დაშორებულები იყვნენ, ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. დაჩა მარაინის ამ სადებიუტო რომანის გამოცემას საინტერესო ისტორია აქვს: როგორც თავად დაჩა გვიამბობს, უკვე გამოცემული ჰქონდა რამდენიმე მოთხრობა, ასევე, მეგობრებთან ერთად დაარსებული სალიტერატურო ჟურნალი „ლიტერატურის დრო“, ასე რომ, მთლად უცნობი არ იყო ლიტერატურულ წრეებში, მაგრამ „არდადეგების“ გამოცემა ცოტა გაუჭირდა, რადგან ბევრმა გამომცემელმა უთხრა უარი, ერთმა ისიც კი მისწერა, რა ძალა გადგათ, რომ წერთ, შინ დაეტიეთო; ბოლოს გამომცემლობა „ლერიჩიმ“ უპასუხა, იმ პირობით დაგიბეჭდავთ, თუ რომელიმე ცნობილი მწერლის წინასიტყვაობას მოგვიტანთო. და, როგორც ხდება ხოლმე, მეგობრის, მეგობრის მეგობრის დახმარებით, დაჩა ალბერტო მორავიასთან მივიდა. ალბერტო ახალგაზრდების დიდი ქომაგი იყო და მოეწონა დაჩას „არდადეგები“, რომელიც, როგორც ბრძანეთ, 1962 წელს გამოვიდა. ამის შემდეგ ისინი დაუახლოვდნენ ერთმანეთს, თხუთმეტ წელს გასტანა მათმა სიყვარულმა და მერეც, ალბერტოს სიკდილამდე მეგობრებად დარჩნენ. ოფიციალური ქმარი დაჩას მხოლოდ ოთხი წელი ჰყავდა, მილანელი მხატვარი, ლუჩო პოცი. როგორც ამბობენ, მათი ოჯახი ნაადრევი მშობიარობისაგან გარდაცვლილი შვილის გამო დაინგრა. მერე, მოგვიანებით, კიდევ ერთი დიდი სიყვარული ეწვია, მსახიობი ჯუზეპე მორეტი, რომელიც თორმეტი წლის ურთიერთობის შემდეგ მძიმე სენით გარდაიცვალა.
რაც შეეხება იმას, იმოქმედა თუ არა მორავიამ მის შემოქმედებაზე, ამის შესახებ თავად ამბობს ერთ ინტერვიუში: „ ჩემი წინაპრები მწერლები იყვნენ და ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე მამამ იქონია. წერა 13 წლისამ დავიწყე სკოლის გაზეთში, 17 წლის ასაკში დავწერე ჩემი პირველი რომანი „არდადეგები“, რომელიც ოცი წლის შემდეგ გამოვეცი. ალბერტომ ჩემზე დიდი გავლენა იქონია, მაგრამ არა შემოქმედებითი თვალსაზრისით, იგი იყო მაგალითი საზოგადოებისათვის, ნათელი იდეების მატარებელი, ძალაუფლების მაკრიტიკებელი, უსამართლობისაგან დაჩაგრულის შემწე. მისმა ინტელექტუალურმა პატიოსნებამ ღრმა კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში“.
დაჩა მარაინი და ალბერტო მორავია
ქალბატონო ნუნუ, თქვენ ბრწყინვალედ თარგმნეთ დაჩა მარაინის ორი რომანი „ხმები“ და „გოგონა და მესიზმრე კაცი“. აუცილებლად უნდა გკითხოთ, ხომ არ გეგმავთ სხვა რომანის თარგმნასაც?
ნუნუ გელაძე: ბრწყინვალედ ვთარგმნე თუ არა, არ ვიცი, რადგან უკვე წიგნად გამოცემულის წაკითხვა არ შემიძლია, მეშინია, რაიმე შეცდომა რომ ვნახო, თავს არ ვაპატიებ. ისე, ამ ორ რომანს და „წერის სიყვარულსაც“ შესანიშნავი რეცენზიები მიუძღვნეს გიორგი ლობჟანიძემ, როსტომ ჩხეიძემ, მარიამ წიკლაურმა, ნინია სადღობელაშვილმა. თარგმნილი მაქვს და მალე გამოსცემს „დიოგენე“ დაჩა მარაინის შედევრს „მარიანა უკრიას ხანგრძლივი ცხოვრება“, ხოლო მომავალ წელს მისსავე მოგონებათა წიგნს „ცხოვრება ჩემი“. ამჟამად „პირველი სხივისთვის“ ვთარგმნი ნაწყვეტებს დაჩას წიგნიდან „ძვირფასო პიერ პაოლო“.
„ძვირფასო პიერ პაოლო“ ახსენეთ და საინტერესოა, უსაუბრია დაჩა მარაინის თქვენთან პიერ პოლო პაზოლინის შესახებ? რამდენადაც ვიცი, მეგობრობდნენ
ნუნუ გელაძე: პირად საუბარში პაზოლინიზე არაფერი უთქვამს, მაგრამ 2016 წელს ჟურნალ „ცისკრისათვის“ მოცემულ ინტერვიუში ჩემს შეკითხვაზე ასეთ რამეს წერს: „პიერ პაოლო პაზოლინი იყო პრინციპული და შეუვალი საქმეში, მაგრამ საოცრად თბილი, ჩუმი და მშვიდი ჩვეულებრივ ურთიერთობაში; ჩვენ განუყრელი მეგობრები ვიყავით და ბევრს ვმოგზაურობდით ერთად, ბევრი სირთულეც გადაგვიტანია; იგი ყველანაირ დისკომფორტს უდრტვინველად იტანდა, სადაც მოგვიხდებოდა, იქ დაწვებოდა დასაძინებლად, ეგ არის, გაზქურის ანთებაც კი არ იცოდა, იმდენად ჰყავდა დედას განებივრებული; ახლაც მესიზმრება ხოლმე, მოდის და მთხოვს:“ ყავას მომიდუღებ?“ პიერ პაოლო ძალიან უყვარდა მარია კალასს და ცდილობდა, როგორმე „ეხსნა“ იგი ჰომოსექსუალიზმისაგან; მდიდრულ სასტუმროებს მიჩვეული, ჩვენთან ერთად მოგზაურობისას, მიწის იატაკიან ქოხმახებსაც არ თაკილობდა, ოღონდ პიერ პაოლოს გვერდით ყოფილიყო და სულ მეკითხებოდა: „ როგორ ფიქრობ, ვუყვარვარ?“ მეც ვუდასტურებდი, რადგან პიერ პაოლოს მართლა უყვარდა იგი, ოღონდ პლატონურად“.
„ძვირფასო პიერ პაოლო“, როგორც თავად ამბობს, სიზმრებმა შთააგონა, ძალიან ხშირად მესიზმრებაო. წიგნი მოიცავს პიერ პაოლოსადმი მიწერილ საოცარი მეგობრული სიყვარულითა და სითბოთი აღსავსე 37 წერილს, და საინტერესო ის არის, რომ ყველა ეგზემპლარი გამოცემისთანავე გაიყიდა და მყისიერად ითარგმნა არაერთ ენაზე.
ქალბატონო ნუნუ, პოეტი, მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე ერთგან წერს: იტალიური კლასიკური მწერლობისა და რეალიზმის ტრადიციებიდან ამოზრდილი დაჩა მარაინი თავის თხზულებებში ყველა იმ მწვავე პრობლემაზე დაუფარავად საუბრობს, რომლის წინაშეც დღევანდელი საზოგადოება აღმოჩნდა.
ამ პრობლემათა ცენტრში კი მწერლისათვის მოქცეულია ქალი, რომელსაც დღევანდელი თავისუფლების, თანასწორობის, მოჩვენებითი სილაღის პირობებში, უამრავი ონტოლოგიური სირთულის გადალახვა უხდება.
რომანი – “გოგონა და მესიზმრე კაცი” – ბავშვთა არალეგალური პროსტიტუციის პრობლემას ეხება, რომლის ქსელშიც იტალია მსოფლიოს დანარჩენ სახელმწიფოებთან ერთადაა გახვეული. თემა უაღრესად აქტუალური და ფაქიზია და მისი დამუშავება ავტორისაგან, მწერლურ ნიჭიერებასთან ერთად, დიდ მოქალაქეობრივ სითამამესაც მოითხოვს, რადგან ამ საშინელების მხილება, თუნდაც მხატვრულ ტექსტში, მწერლისათვის, რბილად რომ ვთქვათ, უსაფრთხო არ არის.
ყველა ამ საშიშროების გაცნობიერების მიუხედავად, დაჩა მარაინი ნავსს ტეხს და ძალზე ფაქიზად, მაგრამ ამავდროულად უმწვავესად აღწერს სინამდვილეს, რომელზე ლაპარაკსაც, ჩვეულებრივ, უამრავი მიზეზის გამო გაურბიან, რადგან თუკი პრობლემას ღრმად დავინახავთ, მივხვდებით, რომ მის შექმნასა და გაღრმავებაში მთელი საზოგადოება, ჩვენ – ყველანი, ვართ დამნაშავენი და არამხოლოდ ისინი, ვინც ამ საძაგლობასთან პირდაპირ არის დაკავშირებული, არამედ ისინიც, ვინც, საკუთარი სიცოცხლის შიშით, ამ საკითხებზე ლაპარაკს მრავალმნიშვნელოვან დუმილს ამჯობინებს.
ბატონმა გიორგიმ ამ შეფასებით დაგვანახა არამხოლოდ საუკეთესო მწერალი დაჩა მარაინი, არამედ უშიშარი და მებრძოლი ქალი, რთულია მასთან ურთიერთობა?
ნუნუ გელაძე: დაჩა მარაინი გავიცანი 2011 წელს ქალაქ არონას ფესტივალზე, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია, სხვათა შორის, უანგაროდ. ამ ფესტივალზე იგი ყოველწლიურად იწვევს მწერლებს, ჟურნალისტებს, სახელოვნებო წრის წარმომადგენლებს, თეატრალურ დასებს და მართავს უაღრესად საინტერესო დიალოგს, წარადგენს მათ წიგნებს, წერს პიესებს, რომლებიც იდგმება ლაგო მაჯორეზე (მთავარ ტბაზე), ამიტომაც ჰქვია ამ ფესტივალს „თეატრი წყალზე“.
სამწუხაროდ, საბჭოთა პერიოდში დაჩა მარაინის შემოქმედებას ჩვენში არ იცნობდნენ, მაშინ როცა, მისი ცხოვრების თანამგზავრი ალბერტო მორავია ინტენსიურად ითარგმნებოდა (მეც მქონდა თარგმნილი მისი ორი ესსე). იტალიაში რომ ჩამოვედი, პირველი, რაც წავიკითხე მისი რომანი „იზოლინა“ იყო, მოგვიანებით, დაჩას გაცნობისთანავე, რომ იტყვიან, დავეწაფე მის მრავალმხრივ და ძალიან უხვ შემოქმედებას და მხოლოდ 2016 წელს გავბედე ინტერვიუს ჩამორთმევა ჟურნალ „ცისკრისათვის“. მას შემდეგ დავმეგობრდით, ვთარგმნე მისი ორი რომანი „ხმები“ და „გოგონა და მესიზმრე კაცი“, რომლებზეც შესანიშნავი რეცენზიები გამოაქვეყნეს მარიამ წიკლაურმა, გიორგი ლობჟანიძემ და როსტომ ჩხეიძემ. გასულ წელს კი „ცოცხალი წიგნების“ გადამღებ ჯგუფთან ერთად რომში, შინ ვეწვიეთ დაჩას და ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ. რთული საურთიერთობო ადამიანი არ არის, პირიქით, ორი-სამი შეხვედრის დროს მითხრა, შენობით მომმართეო, მაგრამ მე არ შემიძლია, ჩვენ ხომ ასე აღგვზარდეს, ხუთი წლით უფროსსაც თქვენობით მივმართავდით და ეს იტალიაში ვერ მოვიშალე.
სად და როდის გაიმართება დაჩა მარაინის საჯარო ლექციები, ვისთან არის შეხვედრები დაგეგმილი?
რასაკვირევლია, დაჩა მარაინი მწერალთა სახლის მოწვევით ჩამოდის და სწორედ მწერალთა სახლში 23 ოქტომბერს 18:30 გაიმართება პირველი შეხვედრა. გარდა ამისა, მას იტალიის საელჩო საქართველოში და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნოვერსიტეტი უმასპინძლებენ.
24 ოქტომბერს კი უნივერსიტეტში გაიმართება მასთან შეხვედრა.
დიდი მადლობა და გადაეცით ქალბატონ დაჩა მარაინის, რომ ქართველი მკითხველი გულითადად ელის მასთან შეხვედრას.
დასასრულისთვის ისევ მოვიხმოთ ამონარიდი მისი წიგნიდან „წერის სიყვარული“, რომელსაც მალე იხილავს ქართველი მკითხველი.
“ყველას, ვინც კი რჩევას მეკითხება, ვუმეორებ: არ არსებობს წესები, არ არსებობს ფორმულები, არ არსებობს კანონები. საჭიროა შეუპოვრობა, ვნება, ბევრი კითხვა და დიდი მოთმინება. მე კვლავ დაჟინებით ვიმეორებ, რომ საჭიროა კითხვა, კითხვა, კითხვა და კითხვა. ეს არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკა მათთვის, ვისაც წერა სურს. და სხვათა შორის, ვინც ბევრს კითხულობს, ადვილად არ აჰყვება მარტივ რეკლამას, მოდას და სულელების ხაფანგში არ მოექცევა. ვინც ბევრს კითხულობს, კარგი ლიტერატურის ცუდისაგან, ღრმააზროვანი წიგნების მდარე ნაწარმოებებისაგან განსხვავებას სწავლობს.”
სპეციალურად News.ge-სათვის, ნინო ჩხეიძე