“შავი ლომი” – სამხრეთ აფრიკაში “ჩიტასთან” ორი ტესტისთვის

ოქტომბრის შუა რიცხვებში ‘შავი ლომი’ სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება და Toyota Challenge-ს ტურნირის ფარგლებში ‘ტოიოტა ჩიტასთან’ ორ თამაშს გამართავს.
Toyota Challenge არის ტურნირი, რომელიც სამხრეთ აფრიკული კლუბის, ‘ჩიტასის’ სპონსორმა „ტოიოტამ“ 2021 წელს დააფუძნა. ტურნირი არ ავლენს გამარჯვებულს, თუმცა თითოეული მატჩის გამარჯვებული გუნდი სპონსორისგან 250 000 რანდს (დაახლოებით 38 ათასი ლარი) იღებს, რაც თამაშებს დამატებით მოტივაციას სძენს.
Toyota Challenge-ში ყოველ წელს თამაშობს ‘ჩიტასი’, ვისთვისაც შეიქმნა ეს ტურნირი. განვლილი 4 წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს მასში მონაწილეობა მიუღიათ სამხრეთ აფრიკულ გუნდებს ‘შარქსი’, ‘სტორმერსი’, ‘ვესთერნ პროვანსი’, ‘ბულსი’, ‘გრიფონსი’, ‘გრიქასი’ და ‘პუმასი’.
მათ გარდა ტურნირში უთამაშიათ ავსტრალიურ ‘ვესთერნ ფორსს’, განვითარებად ირლანდიას (მეორე ნაკრები), -ს ა ნაკრებს, რუმინულ ‘ბაია მარეს’ და ესპანურ ‘ბარსელონას’.
თამაშები ბლუმფონტეინში, ‘ჩიტასის’ საშინაო არენა ‘ტოიოტა სთედიუმზე’ იმართება და მასპინძელთა შეხვედრებს SuperSport-ი პირდაპირ ეთერში გადასცემს.
‘შავი ლომი’ ‘ჩიტასთან’ პირველ თამაშს 17 ოქტომბერს, საქართველოს დროით 20 საათზე გამართავს, მეორე შეხვედრა კი 26 ოქტომბერს ჩვენი დროით 17 საათზე დაიწყება.
„მოხარულები ვართ Toyota Challenge-ს შეჯიბრში მონაწილეობის შესაძლებლობით. ‘ჩიტასი’ მთელი მსოფლიოსთვის ნაცნობი ფრენჩაიზია, ‘ტოიოტა სთედიუმი’ კი შესანიშნავი ადგილია რაგბის სათამაშოდ. ველოდებით თბილ დახვედრას სამხრეთ აფრიკაში და ორ რთულ თამაშს“ – აღნიშნა ‘შავი ლომის’ მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა.
შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს სამხრეთ აფრიკული ტურნეს ფარგლებში ‘ჩიტასს’ ბორჯღალოსნები შეერკინნენ და მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა – 24:20. ‘შავი ლომის’ მსგავსად, ‘ჩიტასი’ ჩელენჯ თასის გათამაშებისთვის ემზადება, რომელიც დეკემბერში დაიწყება.
მეტოქე
‘ჩიტასი’ 1895 წელს დაარსდა. ის მონაწილეობს ქვეყნის შიდა ჩემპიონატ ქარი ქაფში, რომლის ჩემპიონი ჯამში 7-ჯერ გახდა, 9-ჯერ მეორე, ხოლო 15-ჯერ მესამე ადგილზე გავიდა. 7 ჩემპიონობიდან 5 უკანასკნელ 20 წელიწადზე მოდის. ‘ტოიოტა ჩიტასმა’ თასი ბოლოს 2023 წელს შემართა, წლევანდელ გათამაშებაში კი ნახევარფინალში დამარცხდა და მესამე ადგილს დასჯერდა.
2006-2017 წლებში ‘ჩიტასი’ სუპერ რაგბიში თამაშობდა, 2017 წლიდან კი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადმოინაცვლა და გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში, იმხანად პრო 14-ში ჩაერთო, თუმცა 2020 წლის შემდეგ კოვიდ-პანდემიამ მათ ამ ტურნირში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მისცა. 2022 წელს, ევროპის პროფესიულმა საკლუბო რაგბიმ, ‘ჩიტასი’ ‘შავ ლომთან’ ერთად ჩელენჯ თასზე მიიწვია და მას შემდეგ წვეული გუნდის სახით ევროტურნირების მონაწილეა.
‘ჩიტასის’ საშინაო არენა “ტოიოტა სთედიუმი” 1955 წელს აშენდა, ორჯერ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და დღესდღეისობით 42 ათას მაყურებელს იტევს. 1995 წლის რაგბის მსოფლიო თასზე მან სამ შეხვედრას უმასპინძლა, 2010 წელს კი, საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის 6 თამაში გაიმართა.
Rugby.ge
გიორგი მაისურაძე – ქალთა რაგბის ახალი მთავარი მწვრთნელი
რუსთავში ბავშვთა რაგბის აკადემიის მშენებლობა დაიწყო
“შავი ლომი” | მიხეილ ბაბუნაშვილი – ახალი კაპიტანი იტალიური ტურნეს შესახებ
“შავი ლომი” | მიხეილ ბაბუნაშვილი – ახალი კაპიტანი იტალიური ტურნეს შესახებ
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ “შავი ლომი” “ბენეტონთან” დამარცხდა
“შავი ლომი” | “ბენეტონთან” ტრევიზოში
“შავი ლომი” | 30-ივე მორაგბით სეზონის პირველ მატჩში
“შავი ლომი” | ორი ცვლილებით “ბენეტონთან”
“შავი ლომი” “ძებრესთან” დამარცხდა