27 სექტემბერს „ექსპო ჯორჯიამ“ არქიტექტურულ ფორუმს უმასპინძლა. საგამოფენო სივრცეში საერთაშორისო პლატფორმა შეიქმნა, სადაც არქიტექტორებმა, ურბანისტებმა, დიზაინერებმა და სხვადასხვა დარგის პროფესიონალებმა ერთად იმსჯელებენ თემაზე: „მეხუთე განზომილება: არქიტექტურა როგორც ადამიანური გამოცდილება“.
ფორუმზე პირველად, „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიის მფლობელმა კომპანია „სითიზენმა“ არქიტექტურულ კომპანია „მიდამოსთან“ ერთად, საგამოფენო სივრცის განვითარების გეგმა წარადგინა.
როგორც პროექტების მენეჯმენტის ხელმძღვანელმა დავით დანელიამ განაცხადა, დაგეგმილია მე-11 პავილიონის ადგილმდებარეობის შეცვლა. რაც შეეხება სხვა პავილიონებს და არსებულ გამწვანებულ სივრცეს, პროექტის ავტორები ამბობენ, რომ სივრცე სრულად შენარჩუნდება, რეაბილიტირდება და ღია დარჩება საზოგადოებისთვის.
პროექტის სამი კომპონენტისგან შედგება – საცხოვრებელი, საოფისე და კომერციული. ძირითადი საცხოვრებელი ნაწილი კი წერეთლისა და სამტრედიის ქუჩების კუთხეში განთავსდება.
კომპანია „სითიზენის“ დირექტორი გოგა მაჭავარიანი გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ტერიტორიაზე ხუთი ობიექტი განთავსდება. სამშენებლო სამუშაოები 2026 წლიდან დაიწყება, პირველი ეტაპი კი სამწლიან ვადაში დასრულდება.
ჯამურად პროექტის ფარგლებში $250 მლნ-ის დახარჯვა იგეგმება და ის 8-წლიან პერიოდზეა გათვლილი.
კომპანიაში ამბობენ იმასაც, რომ ტერიტორიის გამოსყიდვისა და შემდგომი განვითარების მიზნით აქტიური მოლაპარაკებები ელიავას ბაზრობაზე მომუშავე კერძო მესაკუთრეებთანაც მიმდინარეობს, რაც დიდუბის რაინის ურბანული განვითარების შემდეგი ეტაპი გახდება.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ „სითიზენი“ „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიის მფლობელი გახდა და დღეს ჩვენ წარვადგინეთ კონკურსში გამარჯვებული კომპანია „მიდამო“, ამ პროექტის შემქმნელები არიან არქიტექტორები გოგა ჭყონია, გოგა სამხარაძე და დავით დანელია.
ჩვენ კონკურსანტებს დავავალეთ, რომ ის მთავარი ფუნქცია, რაც არის საგამოფენო ცენტრისთვის შენარჩუნებულიყო და განვითარებულიყო. მეორე მოთხოვნა იყო, რომ სარეკრეაციო სივრცე, რომელიც ახლა არის წარმოდგენილი, გამრავალფეროვნდეს და ხელმისაწვდომი გახდეს საზოგადოებისთვის. ჯამში ჩვენ გვინდა, რომ დიდუბეში ინდუსტრიული ზონიდან ტერიტორიის ურბანულად განვითარების პრეცედენტი შეიქმნას. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ კერძო მესაკუთრეებთან, ვცდილობთ ჩვენი ძალებით მომიჯნავე ტერიტორიებიც განვავითაროთ.
ბევრი უკვე თავადაც დაგვიკავშირდა, თვითონაც ფიქრობენ, რომ დროა ეს ყველაფერი შემდეგ ეტაპზე გადავიდეს და ამ პროექტს სხვანაირი განვითარება მოჰყვეს. აღნიშნულში მერიაც და დიდუბის რაიონიც მხარში გვიდგას.
“ექსპო ჯორჯიას” ტერიტორიის განვითარებას ვფიქრობთ, 2026 წლის დასაწყისიდან დავიწყებთ. პირველ ეტაპს 3 წელი დასჭირდება. 5 საცხოვრებელი კორპუსი, სავაჭრო ცენტრი და საოფისე სივრცე იქნება.
ჩაფიქრებულია მე-11 პავილიონის რელოკაციაა და გვინდა, უფრო დიდი პავილიონი ძველ პავილიონებთან ახლოს ავაშენოთ. აღნიშნულ ადგილას კი მოხდება განაშენიანება და ეს მომიჯნავედ გადავა. ისე აშენდება მეორე პავილიონი, რომ ფუნქციური წყვეტა არ მოხდეს.
სართულიანობას რაც შეეხება ვცდილობთ, ძალიან მაღალი არ იყოს, რა კოეფიციენტის ათვისების საშუალებაც გვაქვს ბოლომდე არ ვითვისებთ, ვინარჩუნებთ სარეკრეაციო ზონას.
ასევე დაგეგმილი გვაქვს არსებული პავილიონების რენოვაცია, ეს უკვე მეორე ეტაპი იქნება, რომელშიც უცხოელ არქიტექტორებსაც ჩავრთავთ და საბოლოოდ ლამაზ სივრცეს მივიღებთ.
ჯამური ინვესტიცია სრულად $250 მლნ-ს უყურებს. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ პროექტი 8-წლიანი იქნება“, – განაცხადა BMG-თან საუბრისას გოგა მაჭავარიანმა.
bm.ge
