„საიმისოდ, რომ წერა შეძლოს, ქალს უნდა ჰქონდეს ფული და საკუთარი ოთახი“ – წერდა დაახლოებით 100 წლის წინ ვირჯინია ვულფი. წერა ამ შემთხვევაში ნომინალურია. ქალებს საკუთარი მისწრაფებების განსახორციელებლად სჭირდებათ პირადი სივრცე და სახსრები. განსაკუთრებით მაშინ, როცა გეოგრაფიული მოცემულობა რთულია. ამ სტატიაში 2 ქალს გაგაცნობთ ხულოს მუნიციპალიტეტიდან, რომლებმაც გადაწყვიტეს სოფელში დარჩენა და ისეთი საქმეების წამოწყება, რაც მანამდე იქაურობას არ ახსოვდა.
პირველი ზეინაბ მეხეშიძეა. ის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგის პროფესიას ეუფლებოდა, იმავდროულად კი საკონდიტროში მუშაობდა. სწავლის დასრულების შემდეგ სწორედ ცხობის მიმართულებით დაინახა საკუთარი მომავალი და ახლა მას უკვე ხულოს ცენტრში კაფე და საკონდიტრო აქვს.
„სრულიად მარტომ, შიშველი ხელებით წამოვიწყე ეს საქმე. მცირედით დავიწყე, თუმცა, დღეისთვის, ვერ ვიტყვი, რომ მიღწეულით უკმაყოფილო ვარ. მე როცა გავხსენი საკონდიტრო, იმ დროისთვის აქ, სიახლოვეში არსად არ იყო ასე ოფიციალური სახით სივრცე, სადაც მომსახურება, ტორტი, ყავა იქნებოდა. 2016 წლიდან ვმუშაობ ხულოს რაიონში და სულ ვფიქრობ განვითარებაზე, მინდა, რომ უკეთესი იყოს მომავალი ჩემი ბიზნესისთვის.
სოფლად მცხოვრებ ქალებს ნამდვილად სჭირდებათ მხარდაჭერა. თითქოს მაღალმთიან აჭარაში რაღაცნაირი შეზღუდვებია ქალების მუშაობასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად აქაური ქალები მაინც აქტიურები არიან.
მე როცა მოვისურვე, მხარდაჭერაც გამოჩნდა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ისე სხვადასხვა უწყებიდან, იქნებოდა ეს ფინანსური თუ სხვა ტიპის თანადგომა.
შიდა მიგრაციის ფონზე ეს განსაკუთრებით დასაფასებელია.
ხალხისგან იცლება სოფელი, თუმცა ჩვენ მაინც შემოვრჩით და ვცდილობთ რაღაც გავაკეთოთ. არის სხვადასხვა საგრანტო პროგრამა, რაც ქალმა და არამარტო ქალმა შეიძლება გამოიყენოს, თუ აქვს სურვილი დაიწყოს ან განავითაროს არსებული ბიზნესი.
,,გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რომელშიც მივიღე მონაწილეობა. კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფინანსური მხარდაჭერით, შევიძინე მაცივარი. ყველა ბიზნესს სჭირდება წლების განმავლობაში გადაიარაღება, ინვენტარის შეძენა და ეს იყო უნიკალური შანსი მეწარმეებისთვის, ვისაც სჭირდებოდა ინვენტარის შეძენა და მე გამოვიყენე ეს შანსი“ – ამბობს ზეინაბი
ზეინაბის საკონდიტროდან არც ისე შორს, ხულოს ცენტრში, „ამილონას ესთეტიკურ ცენტრსაც“ ნახავთ. ამილონა დეკანაძემ სურვილი, ადგილობრივ ქალების გარეგნობაზე ეზრუნა, 2021 წლიდან რეალობად აქცია.
„სამწუხაროდ, ჩვენი ქალები საკუთარი თავისთვის ძალიან ძნელად იცლიან. მოგეხსენებათ, სოფლის ცხოვრება, მესაქონლეობა უფრო დიდ დროს ართმევს მათ, ვიდრე ვთქვათ ქალაქში მცხოვრებ ქალებს. ამიტომ გამიჩნდა იდეა, პირველ რიგში საკუთარი თავის და შემდეგ უკვე თანასოფლელი ქალებისთვის, რომ აქვე, ხულოში გამეხსნა ესთეტიკის ცენტრი. შევიძინეთ აპარატები და ვემსახურებით ჩვენი და შუახევის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს.
გეოგრაფიული მოცემულობიდან გამომდინარე, ზამთარში ხშირად გზა არ არის, რთულია ქალაქში წასვლა პროცედურების ჩასატარებლად, ამიტომ გახდა პრიორიტეტული ჩემთვის მსგავსი სერვისის შექმნა ხულოში.
2021 წლიდან ვმუშაობთ, ვეძებთ ინოვაციებს, ახალი აპარატები მოგვაქვს და ვთავაზობთ მომხმარებლებს. ამჟამად 8 ადამიანი გვყავს დასაქმებული, რაც ნიშნავს, რომ რვა ოჯახის სოფლად დარჩენას შევუწყვეთ ხელი. სექტემბრიდან ვგეგმავთ მოსწავლეების მიღებასაც, რომლებსაც ადგილზე შევასწავლით საქმეს.
სამწუხაროდ, სოფელი ბევრმა ქალმა დატოვა იმის გამო, რომ ვერ მოახერხეს ჩვენს მუნიციპალიტეტში თვითრეალიზაცია და ახლა უწევთ ქალაქში იმ საქმის კეთება, რომელიც არ უნდათ, არ მოსწონთ… მაგრამ ხომ უნდა იარსებონ? სხვა რა გზა აქვთ.
2024 წელს „ქალთა ოთახის“ დახმარებით “აჭარისწყალი ჯორჯიასგან” მივიღეთ დაფინანსება და შევიძინეთ ულთერაპიის აპარატი, რომელიც არაინვაზიური მეთოდით ასწორებ სახეზე ნაოჭებს“ – ამბობს ამილონა დეკანაძე.
მასთან ქალებს შეუძლიათ ისეთი პროცედურების ჩატარება, როგორიცაა: ეპილაცია, კრიოლიპოლიზი, კავიტაცია, RF ლიფტინგი, სახის ზედაპირული და ღრმა წმენდა და სხვა.
კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ წლებია მხარს უჭერს ქალი მეწარმეების განვითარებას მაღალმთიანი აჭარის რეგიონში, აფინანსებს მათ წამოწყებებს და ეხმარება არსებული ბიზნესის განვითარებაში.
ენერგო კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებთან ერთად უკვე მესამე წელია აფინანსებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამას და ამ დროის განმავლობაში, ჯამში 31 პროექტის თანადამფინანსებელია. კომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ადგილობრივი ქალების წახალისება და მათი ეკონომიკური გაძლიერებაა.
