რატომ ჭიანურდება ქონების გადასახადის რეფორმა – გიორგი კაკაურიძის პასუხი bm.ge

ფინანსთა სამინისტრომ ქონების გადასახადის რეფორმა გადაავადა და ის წელს არ განხორციელდება. ეს კი იმ ფონზე, რომ სამინისტრო შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირებას პარლამენტში ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე გეგმავდა.
როგორც BMG-სთან ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აცხადებს, შესაბამისი ანალიზის შემდეგ გამოიკვეთა, რომ რეფორმის შედეგად მუნიციპალიტეტების ნაწილს შემოსავლები მნიშვნელოვნად ეზრდება, ნაწილს კი უმცირდება. შესაბამისად, მთავრობა ამ რეფორმის გატარებას არ ჩქარობს.
მისივე თქმით, ცვლილებები როგორც კომპანიების, ასევე ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ნაწილს ეხება და მის ფარგლებში მეტი აქცენტი მიწის ღირებულებაზე გაკეთდება და არა იურიდიული თუ ფიზიკური პირების შემოსავლებზე.
„წელს არ არის ამ რეფორმის განხორციელება დაგეგმილი. [ქონების გადასახადში] საწარმოების ნაწილია ძირითადი, 80%. რეფორმის განხორციელება ეკონომიკურად შეიძლება სწორი იყოს, თუმცა მუნიციპალიტეტებს შორის იწვევს ძალიან დიდ განსხვავებებს. რიგ მუნიციპალიტეტებს მნიშვნელოვნად ეზრდება შემოსავლები, მაგრამ ძალიან ბევრს მნიშვნელოვნად უმცირდება. შესაბამისად ეს გარკვეულ პრობლემებს იწვევს. ამიტომ თუ [რეფორმას] დავიწყებთ, გარკვეულწილად ეტაპობრივად იქნება საჭირო მისი განხორციელება, რომ მუნიციპალიტეტები ეტაპობრივად გადავიდნენ ამ რეფორმაზე. ეტაპობრივ გადასვლას მეორე უარყოფითი მხარე აქვს, ის მუნიციპალიტეტები, რომლებსაც აწყობთ ეს რეფორმა, შეიძლება უფრო სწრაფად გადავიდნენ, რომლებსაც არ აწყობთ, ძალიან დაიგვიანონ. ამიტომ ცოტა უფრო რთულად არის აქ საქმე და არ ვჩქარობთ ამ რეფორმის განხორციელებას. წელს ეს რეფორმა არ დაიწყება.
თავად მთლიანი რეფორმის შინაარსია მიწის ნაწილზე, ანუ არა უშუალოდ ქონების ღირებულებაზე, არამედ დაკავებულ მიწაზე იყოს. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი. შესაბამისად, საწარმოს აქვს მიწა თუ ფიზიკურს, არ აქვს მნიშვნელობა, ერთნაირი დაბეგვრის რეჟიმი უნდა იყოს. შეიძლება ფიზიკურ პირებს გარკვეული შეღავათი დაუწესდეთ საცხოვრებელი სახლის მიხედვით და ა.შ. თუმცა მაინც მოდელი უნდა შეიცვალოს თავიდან ბოლომდე და მარტო ფიზიკურ პირზე ვერ შეიცვლება ის“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის მარტში BMG-ის ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, რომ უწყება ქონების გადასახადის ესტონურ მოდელზე მუშაობს, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, როდის იქნება მზად საკანონმდებლო ცვლილებები.

bm.ge