კამბოჯაში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი საავიაციო ინფრასტრუქტურული ობიექტის – ტეჩოს საერთაშორისო აეროპორტის – საზეიმო გახსნა შედგა. აეროპორტი, რომლის ღირებულებაც $2 მილიარდს შეადგენს, ფართობით მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესია (2600 ჰექტარი).
საჰაერო ნავსადგური, რომელიც სტრატეგიულად მდებარეობს პნომპენის სამხრეთით, 30 კმ-ის დაშორებით, ფუნქციონირება დაიწყო, როგორც „თანამედროვე სატრანსპორტო კვანძმა, რომელიც მოგზაურობის, ვაჭრობისა და ინვესტიციების შესაძლებლობების გაფართოებას ისახავს მიზნად“. გახსნა Air Cambodia-ს პირველი რეისის ჩამოსვლით აღინიშნა.
ტერმინალი ბრიტანულმა ფირმა Foster + Partners-მა დააპროექტა. მისი ბამბუკის ორნამენტებიანი გუმბათები ტრადიციულ ქსოვის ხელოვნებას მიანიშნებს. ტერმინალის ცენტრში მგზავრებს ცხრამეტრიანი ბუდას ქანდაკება ხვდება აბჰაიამუდრას (უსაფრთხოების) პოზაში, რომელიც სიმშვიდესა და დაცვას ანიჭებს. შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ შენობა თითქმის მთლიანად იმუშავებს იქვე განთავსებული მზის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულ ენერგიაზე.
ახალი აეროპორტის გამტარუნარიანობა პირველ ეტაპზე 13 მილიონ მგზავრს შეადგენს წელიწადში, ხოლო 2050 წლისთვის მაჩვენებელმა 50 მილიონს უნდა მიაღწიოს.
ამჟამად აეროპორტის მარშრუტების ქსელი 28 ავიაკომპანიას მოიცავს, ყველაზე პოპულარული მიმართულება კი ბანგკოკი რჩება.
პროექტი შეიმუშავა Cambodia Airport Investment Co., Ltd. (CAIC) – Overseas Cambodian Investment Corporation-ის შვილობილმა კომპანიამ, სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო სამდივნოსთან ერთად. OCIC-ს უკვე აშენებული აქვს 10 ათასზე მეტი სახლი და მას ეკუთვნის საკვანძო საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ობიექტები, მათ შორის ხიდები და გზები. ტეჩოს საერთაშორისო აეროპორტი ჯგუფის ყველაზე ამბიციური პროექტია დღეისთვის.
