„ადრე არსებობდა საბანკეტო ბიზნესი… სარესტორნო ბიზნესი დღეს თოთო ბავშვია“ – შოთა ბურჯანაძე (bm.ge)

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის შოთა ბურჯანაძის შეფასებით, ქართული სარესტორნო ბიზნესი განვითარების საწყის ეტაპზეა.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში სარესტორნო ინდუსტრიის მდგომარეობასა და გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.
„ადრე არსებობდა საბანკეტო ბიზნესი… სარესტორნო ბიზნესი დღეს თოთო ბავშვია“ – აცხადებს რესტორატორი.
შოთა ბურჯანაძე, რომელიც რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტია, ფლობს ფლობს სტეიკჰაუსი #1-ს და ასევე, სასტუმრო „რედის“ რესტორნებს მართავს.
„სარესტორნო სფეროს ვუყურებ, ჯერჯერობით, როგორც პატარა ბავშვს, რომელიც გასაზრდელია და აღზრდის დროს, ალბათ, ყველამ ვიცით, რა სჭირდება პატარა ბავშვს – ჯანმრთელი რომ გაიზარდოს, საჭიროა კარგი გარემო, კარგი სოციუმი, კარგი სწავლა-განათლება და ა.შ. მოკლედ, განვითარებისთვის საჭირო პირობები. დღეს კი, ეს პატარა ბავშვი იზრდება არასწორ გარემოში. შედეგად, თუ ბავშვი სწორად ვერ გაიზარდა, პასუხი ხომ აღმზრდელს და გარემოს მოეთხოვება, ვიდრე ბავშვს?! ამდენად, სარესტორნო ბიზნესი შეგვიძლია ახალდაბადებულ ბავშვად ჩავთალოთ. იმას, რაც 30 წლის წინ იყო, ხშირ შემთხვევაში სარესტორნო ბიზნესს ვერ დავარქმევდი, ეს იყო საბანკეტო ბიზნესი – ქირავდებოდა სხვადასხვა ფართი, სადაც ადამიანები თავისით ამზადებდნენ კერძებს წვეულებისთვის თუ სხვა სახის ღონისძიებისთვის… დღეს ეს ვითარება შეიცვალა, ნელ-ნელა ვვითარდებით, მაგრამ თვითგანვითარებისთვის, სამწუხაროდ, განათლება არ გვყოფნის“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის აზრით, დღეისათვის, რესტორნის წარმატებით მართვისთვის მხოლოდ ფინანსური რესურსი საკმარისი არაა და საჭიროა, შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების მქონე ადამიანის ან გუნდის დაქირავება.
„დაახლოებით, 10-15 წლის წინ, ამ სფეროში თანხას დებდნენ სხვა ბიზნესებში მყოფი ადამიანები მოტივით – „მოდი, რესტორანიც მქონდეს, სხვა რესტორანში ფულს რომ ვხარჯავ, ბარემ ჩემს რესტორანში დავხარჯავ“. თუ ახლა ვინმე კიდევ ასე ფიქრობს, ჩემი მეგობრული რჩევაა, რესტორანი არ გახსნას, რადგან ძალიან დიდ პრობლემებს შეიქმნის თავისივე რესტორანში და შესაბამისად, ბიზნესი ვერ იმუშავებს“, – ამბობს ის.
სარესტორნო ბიზნესის გამოწვევებზე საუბრისას, გამოცდილმა რესტორატორმა კადრების პრობლემაც გამოყო.
„ხშირ შემთხვევაში, საქართველოში, სარესტორნო სფეროში დასაქმებულებისთვის, ეს სფერო მხოლოდ და მხოლოდ გარდამავალი ეტაპია და ნაკლებად აქვთ ამ სფეროში განვითარების სურვილი… მე იმას არ ვგულისხმობ, რომ ადამიანი სულ მიმტანი უნდა იყოს – არა, მაგრამ სფეროში თუ შემოხვალ, ამ სფეროს განვითარების სურვილი უნდა გაგაჩნდეს“, – აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.
„წერტილთან“ ინტერვიუში რესტორატორი ასევე შეეხო თემას – რატომაა ძვირი საქართველოს რესტორნებში მომსახურება. შოთა ბურჯანაძე არ იზიარებს საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღქმას იმის თაობაზე, რომ მომსახურების სფერო ძალიან მაღალ მარჟებზე მუშაობენ და საკითხს სხვანაირად სვამს: “ჩვენ, ყველა უნდა ვწუწუნებდეთ იმაზე, რომ ქვეყანაში ხელფასები არის დაბალი და არა იმაზე, რომ [რესტორანში] ფასები არის მაღალი“.
bm.ge