აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანით ვაჭრობის შესახებ 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
„საანგარიშო პერიოდში, მთავრობა სერიოზული და მდგრადი ძალისხმევის დემონსტრირებას აგრძელებდა, ამიტომ საქართველო დარჩა „პირველ დონეზე“ (Tier 1). ეს ძალისხმევა უფრო მეტი ტრეფიკერის დევნას, გასამართლებას, მეტი მსხვერპლის იდენტიფიცირებასა და ტრეფიკინგის საწინააღმდეგო თავშესაფრებისთვის დაფინანსების გაზრდას მოიცავდა. რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად, სასამართლოებმა დაზარალებულებს კომპენსაცია მიანიჭეს. გენერალურმა პროკურატურამ გამოსცა დირექტივა, რომელიც ტრეფიკინგის საქმეებში მსხვერპლ-მოწმის კოორდინატორების დანიშვნას სავალდებულოს ხდის“, – ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია პრობლემების შესახებაც.
„მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს, მან ტრეფიკინგის ნაკლები საქმე გამოიძია, და ზოგადად სექსუალური ტრეფიკინგის შემთხვევების იდენტიფიცირებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ძალისხმევა არასაკმარისი იყო. სამართალდამცავი ორგანოები მოითხოვდნენ, რომ მსხვერპლები სასამართლო პროცესების დასრულებამდე ქვეყანაში დარჩენილიყვნენ, რაც, პოტენციურად, უცხოელ მსხვერპლებთან, რომელთაც რეპატრიაცია სურდათ, მათ თანამშრომლობას აფერხებდა და მოსამართლეებს არც ერთ სისხლის სამართლის საქმეში რესტიტუცია არ მიუნიჭებიათ. მთავრობის ძალისხმევა იმ მსხვერპლების იდენტიფიცირებისა და მათი შესაბამისი სერვისებისთვის მიმართვის მხრივ, რომლებმაც სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა არ ისურვეს, მინიმალურ დონეზე დარჩა. მთავრობის მიერ სამოქალაქო საზოგადოებასთან სისტემური თანამშრომლობის ნაკლებობამ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ძალისხმევას ხელი შეუშალა“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, შემდეგი რეკომენდაციები უნდა განხორციელდეს: ტრეფიკინგის დანაშაულების, განსაკუთრებით კი სექსუალური ტრეფიკინგის საქმეების აქტიური გამოძიება და მსჯავრდებული ტრეფიკერების შესაბამისი დასჯა, რაც მნიშვნელოვანი ვადით პატიმრობას უნდა ითვალისწინებდეს; ტრეფიკინგის მსხვერპლების იდენტიფიცირება მოწყვლად ჯგუფებში ტრეფიკინგის ინდიკატორების შემოწმებით; სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობების გაუმჯობესება; დაზვერვისა და მტკიცებულებების საფუძველზე სამართალდამცავი ოპერაციების დასაგეგმად რესურსებისა და ტრენინგების რაოდენობის გაზრდა; დაზარალებულთა გამოძიებებსა და სისხლისსამართლებრივ დევნაში მონაწილეობის წახალისება დაზარალებულზე ორიენტირებული სასამართლო პროცედურების საშუალებით; ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიცირებისთვის შრომის ინსპექციის რესურსებისა და შესაძლებლობების გაზრდა; ტრეფიკინგის აღსაკვეთად და მსხვერპლთა დაცვისთვის მთავრობის ძალისხმევის ხელშეწყობის მიზნით სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაზრდა; ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიცირების მიზნით სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობებისა და ცნობიერების გაზრდა; ტრეფიკინგის საწინააღმდეგო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გამჭვირვალობის გაზრდა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ მთავრობის ძალისხმევის შესახებ რეგულარული ინფორმაციის გამოქვეყნება.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში ტრეფიკერები როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მსხვერპლების ექსპლუატაციას ახდენენ.
„ტრეფიკერები სექსუალური ტრეფიკინგის მიზნით, ქართველი ქალებისა და გოგონების ექსპლუატაციას ახდენენ ქვეყნის შიგნით, კერძოდ აჭარაში და საზღვარგარეთ, კვიპროსში, ეგვიპტეში, თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ტრეფიკერები მსხვერპლების რეკრუტირებას მოტყუებით ახდენენ, მათ უცხოეთში მაღალანაზღაურებად სამუშაოს ჰპირდებიან ჩაის გადამამუშავებელ ქარხნებში, საავადმყოფოებში, სალონებში, რესტორნებსა და სასტუმროებში. საქართველო ასევე არის ტრანზიტული ქვეყანა ქალებისთვის ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან. ტრეფიკერები სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეკრუტირებისა და ექსპლუატაციისთვის სულ უფრო მეტად იყენებენ ონლაინ საშუალებებს. უკრაინელი ლტოლვილები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომს გამოექცნენ და რუსები, რომლებიც სამხედრო სამსახურში გაწვევას გაექცნენ, ტრეფიკინგის მიმართ მოწყვლადები არიან“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
ასევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები საქართველოს მთავრობის კონტროლს მიღმა რჩებოდა და ამ რეგიონებში ე.წ. ხელისუფლებას მხარს რუსული ძალები უჭერდნენ.
ანგარიშის მიხედვით, „პირველი დონის“ ქვეყნების ჯგუფში შედიან: არგენტინა, ავსტრალია, ავსტრია, ბაჰამის კუნძულები, ბაჰრეინი, ბელგია, კანადა, ჩილე , კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, გაიანა, ისლანდია, სამხრეთ კორეა, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ფილიპინები, პოლონეთი, სეიშელის კუნძულები, სინგაპური, სლოვენია, ესპანეთი, სურინამი, შვედეთი, ტაივანი, გაერთიანებული სამეფო და აშშ.
