იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების თარიღამდე გამართულ ბოლო სხდომაზე კომისიის წევრებმა წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობა შეაჯამეს.
აღინიშნა, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს საშუალება ჰქონდათ, საარჩევნო შეხვედრები და სხვა აქტივობები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩაეტარებინათ. უწყებათაშორისი კომისიის მუშაობისა და მედიამონიტორინგის შედეგად არ გამოვლენილა საჯარო მოხელეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის მნიშვნელოვანი ფაქტები.
კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილისაგან უწყების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. გიორგი შარაბიძის განცხადებით, დასრულებულია ბიულეტენების ბეჭდვა და მიმდინარეობს რეგიონებში მათი დისტრიბუციის პროცესი. საარჩევნო სიაში 3 513 818 ამომრჩეველი ფიქსირდება; კენჭისყრის დღეს გაიხსნება 3 061 უბანი, აქედან 2 284 უბანზე იქნება ელექტრონული კენჭისყრა, დანარჩენში კი – ტრადიციული; პენიტენციურ დაწესებულებებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ 10 საარჩევნო უბანი მოეწყობა. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სიებში თავის გადამოწმების სერვისებით მოქალაქეებმა ისარგებლეს 600 784-ჯერ, რაც ძალიან მაღალი აქტივობაა.
მომდევნო სხდომას კომისია კენჭისყრის დღის – 4 ოქტომბრის შემდგომ გამართავს.
საარჩევნო კოდექსის საფუძველზე შექმნილი უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უზრუნველყოფს საჯარო მოხელეების მიერ კანონდარღვევის პრევენციას, რეაგირებას ყველა შესაძლო შემთხვევაზე და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს.
კომისიას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლები არიან, რაც უზრუნველყოფს კოორდინირებულ და ეფექტიან მუშაობას.
კომისიის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: [email protected] ან ცხელ ხაზზე: (+995) 599 85 00 11.
კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე იმუშავებს.
