ანდრია ჯაღმაიძე – შესაძლებელია, წინ გველოდებოდეს პირდაპირ ეკლესიებში შევარდნა, დარბევა, ეს არის ნეობოლშევიზმი

შესაძლებელია, წინ ჩვენ გველოდეს პირდაპირ ეკლესიებში შევარდნა, დარბევა , – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
ჯაღმაიძე აღნიშნავს, რომ ეს არის ნეობოლშევიზმი და წუხილს გამოთქვამს, რომ მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებით „სკანდალის აგორებაში“ ფარულად თუ ხილულად მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ეკლესიის ჯერ კიდევ მოქმედი სასულიერო პირები და იმედს გამოთქვამს, რომ მათი მხილება მოხდება.
დეკანოზის განცხადებით, საპატრიარქო მიესალმება ინიციატივას, რომ დარეგულირდეს კანონმდებლობა და რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა – რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა იყოს კანონის ჩარჩოში მოქცეული.
“ჩვენ ვნახეთ შობის დღეებში, რა სკანდალის შექმნის მცდელობა იყო და პრინციპში, შექმნეს კიდეც, მოსახლეობის დიდ ნაწილს წაართვეს შობის სიხარული და მათი მსმენელის, აი, ამ ტელევიზიების თუ ჟურნალისტების მსმენელების და თანამოაზრეების გულში ქრისტეს ნაცვლად იყო სტალინი. მათ ეს შემოინახეს შობის დღისთვის. პირველი მცდელობა არ არის, რომ ცდილობენ, გადაფარონ დღესასწაული. ის, რაც დღეს ხდება საქართველოში ეკლესიასთან მიმართებით, ეს არის თანასწორი ეკლესიის დევნისა, ეს არის სახე და გამოხატულება იმისა, რაც ამ ერთმა ქალბატონმა გააკეთა, ეს არის კრებსითი სახე იმ ხალხისა, ვინც მას თანაუგრძნობს და მხარს უჭერს. შესაძლებელია, წინ ჩვენ გველოდეს პირდაპირ ეკლესიებში შევარდნა, დარბევა, ის, რაც 100 წლის წინ და ცოტა უფრო ადრე, ბოლშევიკური რევოლუციის შემდგომ ხდებოდა.
ეს არის ნეობოლშევიზმი, ეს არის სახე, აი, ამისა. დარწმუნებული ვარ, სულ ერთია, რომელი ხატია იქ, რომელი წმინ გამოსახული, ნებისმიერ ხატზე ამის გამკეთებელია ეს ხალხი. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ სკანდალის აგორებაში ფარულად თუ ხილულად მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ეკლესიის ჯერ კიდევ მოქმედი სასულიერო პირები. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში ყველა მათგანის სათანადო მხილება მოხდება.
ეს არის ძალიან მგრძნობიარე თემა ჩვენი საზოგადოებისათვის. ჩვენ მივესალმებით ინიციატივას, რომ დარეგულირდეს კანონმდებლობა და რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა იყოს კანონის ჩარჩოში მოქცეული. ასე რომ იყოს, როგორც ახლაა, განუკითხაობაა. ამის შესახებ ჯერ კიდევ სამი წლის წინ, 2021 წელს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ ბრძანა, რომ ეს თუ კანონით არ დარეგულირდა, სულ მივიღებთ პოლარიზაციას ქვეყანაში”, – აცხადებს ჯაღმაიძე, რომლის კომენტარსაც საპატრიარქოს საზოაგდოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” ავრცელებს.