სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს ორი პირი, რომლებსაც 403 095 ლარის თაღლითურად დაუფლებას ედავებიან. ამავე საქმეზე ბრალდება წარედგინა კიდევ ერთ მოქალაქეს.
უწყების ცნობით, დაკავებულია შპს “გურია ენერჯის” დირექტორი და საზედამხედველო სამსახურის თანამშრომელი. ამავე სამსახურის ერთ თანამშრომელს კი ბრალი წარედგინა. სახელმწიფო ბრალდება მათ ედავება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას.
“2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი 3.52 კმ სიგრძის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პროცესში, შპს ,,გურია ენერჯის“ 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი მ.ჟ. ტენდერის შესრულების კონტროლსა და ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის პ.რ-ს დახმარებით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 403 095 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი. ექსპერტიზის დასკვნით, შპს „გურია ენერჯის“ მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მიღებული/ჩაბარებული საავტომობილო გზა ექსპლუატაციისთვის უვარგისია”, – განაცხადა ბრიფინგზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსმა, ემზარ გაგნიძემ.
უწყების ცნობით, გამოძიება ანტიკორუფციული სააგენტოსა და პროკურატურის თანამშრომლობით წარიმართა, დაკავების განჩინება კი სასამართლომ გასცა.
გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც დიდი ოდენობით თაღლითობას, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.




