ROSI ბიჟუტერიის იმპორტის შემდეგ, ასორტიმენტს აფართოებს და ვერცხლის სამკაულების წარმოებას იწყებს

ქალის მაღალი ხარისხის ბიჟუტერიის იმპორტიორი კომპანია ROSI ასორტიმენტის ხაზს აფართოებს. კერძოდ, კომპანია ვერცხლის სამკაულების წარმოებას ახალი წლიდან იწყებს.
როგორც ROSI-ის თანადამფუძნებელმა, მზია სიხარულიძემ “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნა, ადგილობრივ ბაზარზე ვერცხლის ნივთები ძალიან პოპულარულია, შესაბამისად, ონლაინ კომპანია მომხმარებლის მოთხოვნას ადეკვატურად პასუხობს.
მზია სიხარულიძის ინფორმაციით, ამჟამად, ადგილობრივ პარტნიორებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და რამდენიმე თვეში, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, ქართული ორნამენტებით გაფორმებული ვერცხლის სამკაულები სოციალური ქსელის საშუალებით შეიძინონ.
მცირე მეწარმე, ბიჟუტერიის კუთხით გაყიდვების შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ თვეში, დაახლოებით, 80 ერთეული პროდუქტის რეალიზება ხდება.
“ამჟამად, ქალის მაღალი ხარისხის ბიჟუტერია – საყურე, ყელსაბამი, ბეჭდები გვაქვს, რომელსაც ძირითადად ჩინეთის ქარხნიდან ვიწერთ. მომხმარებლების უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა, სასიხარულოა, რომ რეგიონებიდანაც აქტიურობენ: სვანეთიდან, ქუთაისიდან, გურიიდან და ა.შ. ამასთან, ROSI-ის მსგავს ონლაინ ბიზნესებს დიდ კონკურენციას, სხვადასხვა, უცხოური ონლაინ პლატფორმები, მაგალითად, TEMU უწევს, თუმცა მათი პროდუქტები დაბალ ხარისხიანია.
მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ასორტიმენტის გაზრდას ვგეგმავთ, კერძოდ, პროდუქციას ქართული ორნამენტებით გაფორმებულ, ჩვენივე დიზაინით შექმნილ ვერცხლის პროდუქციას დავუმატებთ. აღნიშნულ პროექტზე უკვე აქტიურად ვმუშაობთ. ფასების დიაპაზონს, რაც შეეხება, ჯერჯერობით, ვერ გეტყვით, ყველაფერი დასაანგარიშებელია, თუმცა ვეცდებით, რომ ბაზარზე კონკურენტუნარიანები ვიყოთ. ვერცხლის სამკაულის შემადგენლობაში იქნება: გულსაკიდები, ბეჭდები, საყურეები და ა.შ.
სოციალურ ქსელში მარკეტინგულ ჩართულობას, რაც შეეხება – მნიშვნელოვანია, რადგან პროდუქციის რეალიზაციაზე პირდაპირ აისახება. ონლაინ მიმართულებით, სხვადასხვა, კამპანიებს აქტიურად ვაწარმოებთ. მოგეხსენებათ, მომხმარებელთა რაოდენობაც დროსთან ერთად იზრდება, ახალი მიმართულების დამატება, ვფიქრობ, ჩვენს ხაზზე დადებითად აისახება”, – აღნიშნავს მზია სიხარულიძე.
ცნობისთვის, ქალის მაღალი ხარისხის ბიჟუტერიის რეალიზებით დაკავებული კომპანია ROSI, პროდუქციას სოციალური ქსელის მეშვეობით ყიდის, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე 4 თვეა ოპერირებს.
წყარო: bp.ge