ეს მაგონებს ფრაზას – „პატარძალმა ეზო ვერ დაგავა, იმიტომ რომ მრუდეაო“ – საკუთარი თავის შეცდომებს, არაეფექტიანობას და უსუსურობას სხვას აბრალებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც „ლელო – ძლიერი საქართველოს” განცხადებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, თუ „ლელო ძლიერი საქართველო” რაიმე ტიპის დარღვევას წარმოადგენს, სასამართლოში უნდა იდავოს.
„ეს მაგონებს ფრაზას – „პატარძალმა ეზო ვერ დაგავა, იმიტომ რომ მრუდეაო”. ისეთი ფრაზაა, რომელიც ამ სიტუაციას აკვდება. საკუთარ თავის შეცდომებს, არაეფექტიანობას და უსუსურობას სხვას აბრალებენ. ამის ნაცვლად გამოვიდნენ და მათი კანდიდატები დაარწმუნონ. თავად ვერ შეძლეს გუნდში მათი დატოვება, დარწმუნება, რომ ისინი იქ ყოფნას იმსახურებენ. ეს უბრალოდ საკუთარი შეცდომის სხვაზე გადაბრალებაა. არც იმაზე ვართ წინააღმდეგი – თუ რაიმე კონკრეტული უჭირავთ ხელში, მტკიცებულება და არგუმენტი აქვთ, რაიმე ტიპის დარღვევას წარმოადგენ, იდავონ სასამართლო წესით. ნაკლებად მგონია, რომ ეს რეალური და მასშტაბური პრობლემაა. აქა – იქ, ზოგიერთ რაიონში შეეცდებიან, რომ თითოეული მაგალითით წარმოაჩინონ, თითქოს ეს სისტემური პრობლემაა. სინამდვილეში პრობლემა უნდა ეძებონ საკუთარ თავში და არა „ქართულ ოცნებაში”, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
გარდა ამისა, მახაშვილმა კითხვაზე, გეგმავს თუ არა „ქართული ოცნება” მარტში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნას, უპასუხა, რომ ასეთი რამ არ იგეგმება.
„არა, არ გეგმავს. დღევანდელი მდგომარეობით არ ვყოფილვარ ისეთი საუბრის მონაწილე, სადაც საპარლამენტო არჩევნები განიხილებოდა, გარდა 2028 წელს გეგმურად დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისა. თუ რაიმე არჩევნები იქნება – იქნება 2028 წლის შემოდგომაზე. მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს – პრაქტიკულად, გამოვრიცხავ, რომ მარტში რაიმე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იყოს”, – აღნიშნა მახაშვილმა.
ცნობისთვის, კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს, რითაც მათივე ინფორმაციით, დასტურდება კოალიციის ერთ-ერთ მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლის, ძალადობის, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობა, „რის გამოც მან კანდიდატურა მოხსნა“.
როგორც „ლელო – ძლიერი საქართველოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლა სუს-ისა და ადგილობრივი პოლიციელების ჩართულობით განხორციელდა.
