„რა მეთოდიც მოქმედებს საერთაშორისო საფინანსო სისტემებში, ის არ მოქმედებს ბიუჯეტით დაფინანსებულ პროექტებში – მე კითხვას ვსვამ, რატომ?“

„ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო“ – ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას კომპანია „კავკაზუს როუდ პროჯექტის“ ხელმძღვანელი პაატა ტრაპაიძე სახელმწიფო ტენდერებში სავალდებულო ფასთან ინდექსაციის დანერგვის საკითხს.
შეგახსენებთ, 15 სექტემბერს მთავრობამ სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრა გამართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, სავალდებულო ფასთან ინდექსაციის დანერგვაც განიხილეს.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული ინდექსაციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემდეგ, თუ რომელიმე პროდუქცია, მაგალითად, სამშენებლო მასალები გაძვირდება, სახელმწიფომ დააკომპენსიროს ცვლილება და პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა გაზარდოს ან შეამციროს.
როგორც პაატა ტრაპაიძე აღნიშნავს, მსოფლიოში არსებობს მსგავსი ტიპის მიდგომა და გაზრდილი ან შემცირებული ფასების პირობებში ავტომატურად ხდება კომპენსირება. მისი თქმით, ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო, მსოფლიოში არსებობს ასეთი პრაქტიკა და მისი გადმოტანა შესაძლებელია საქართველოშიც.
„ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო… მაგალითად, დონორების მიერ დაფინანსებულ ტენდერებში არის ჩანაწერი, ტენდერს რომ მოიგებ, დეტალურად არის განსაზღვრული მაგალითად ცემენტის ფასი, დიზელის ფასი და ა.შ. თუ შემდეგ ეს ფასები შემცირდება ან გაიზრდება, ხდება მისი ანაზღაურება დონორების მიერ. რა საჭიროა ახალი ველოსიპედის გამოგონება? აიღონ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა, შემოიღონ და მორჩა – გაიაფდება პირობითად დიზელი? ნაკლებს მიიღებს კომპანია, გაძვირდება – მეტს მიიღებს. მაგრამ არ აწყობთ…დღეს საქართველოში არის როგორც დონორების მიერ დაფინანსებული ტენდერები, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ტენდერები. რა მეთოდიც მოქმედებს საერთაშორისო საფინანსო სისტემებში, ის არ მოქმედებს ბიუჯეტით დაფინანსებულ პროექტებში – მე კითხვას ვსვამ, რატომ? რა განსხვავებაა, რით ვართ ნაკლები ჩვენ?“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას პაატა ტრაპაიძემ.