ვახტანგ ძაბირაძე – “გეტყვით, რა მოხდება 4 ოქტომბერს, 20:00 საათისთვის…”
არჩევნების პარალელურად, “ოცნება” ენმ-სა და კიდევ 6 პარტიის აკრძალვის პროცედურას ოფიციალურად იწყებს
მირიან მირიანაშვილი – “საქართველო თითქმის აბსურდულ მდგომარეობაშია, ველოდებით რუსეთისგან რაღაც “ვერდიქტს”, რომელიც არასოდეს მოვა”
აფხაზეთის ომის მთავარი სიმბოლო შეიძლება დაანგრიონ – სოხუმში მინისტრთა საბჭოს ყოფილი შენობის რეკონსტრუქცია იგეგმება
* * *
ვახტანგ ძაბირაძე – “გეტყვით, რა მოხდება 4 ოქტომბერს, 20:00 საათისთვის…”
“ეს არჩევნები მნიშვნელოვნად განსხვავდება ყველა იმ არჩევნებისგან, რომელიც კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გვინახავს. პირველ ყოვლისა, განსხვავდება იმით, რომ ოპოზიციაში ვერ მოიძებნა შეხებისა და შეთანხმების წერტილები, არადა, სურვილის შემთხვევაში ეს თითქოს არცთუ ისე რთული უნდა ყოფილიყო. ოპოზიციას თუ რეალურად სურს “ქართული ოცნების” დამარცხება, სწორედ შეთანხმების გზით უნდა წასულიყო. რაღა დაგიმალოთ და, ზუსტად არჩევნების დღეს – 4 ოქტომბერს აქციის დანიშვნა ჩემთვის ცოტა გაუგებარია. რა ვიცი, 3-ში ან 5-ში რომ დაენიშნათ, შესაძლოა ეს გაცილებით წარმატებული ყოფილიყო. მე არ მომისმენია მათგან არგუმენტები იმისა, რატომ უნდა გაიმართოს აქცია მაინცდამაინც 4-ში. მიუხედავად ამისა, შექმნილი ვითარებიდან კიდევ შეიძლებოდა გამოსავლის პოვნა. ყველას კარგად ესმის, რომ შუაზე გაყოფილი ოპოზიცია მხოლოდ `ქართული ოცნების~ წისქვილზე ასხამს წყალს და არ უწყობს ხელს ოპოზიციური ელექტორატის მობილიზებას”, – აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “გეტყვით, რა მოხდება 4 ოქტომბერს, 20:00 საათისთვის…”
“უკვე შექმნილ ვითარებაში ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა, ოპოზიციურ ამომრჩეველს არჩევნებშიც მიეღო მონაწილეობა და პროტესტშიც, რაზეც ილაპარაკა კიდეც `ლელოს~ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. მეც კარგა ხანია ვამბობ, რომ სავსებით შესაძლებელია ამომრჩეველმა იბრძოლოს ორივე ფრონტზე. ამის წინააღმდეგ რატომ მიდის ის ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის მომხრეა, არ ვიცი. მე მათგან ამის არგუმენტები ვერ მოვისმინე, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ამ აქციით აპირებენ ხელისუფლების შეცვლას, მაგრამ როგორ, რა მექანიზმით?! თუ არჩევნებში მონაწილეობის მომხრე პარტიების მხარდამჭერებიც მივლენ საპროტესტო აქციაზე, ეს ხომ ნიშნავს, რომ პროტესტი უფრო მასობრივი იქნება. ამიტომ ვერ გავიგე, რის საფუძველზე, რატომ გადაწყვიტეს, რომ არჩევნებში მონაწილეობა და საპროტესტო აქციაზე მისვლა, ერთმანეთს გამორიცხავს…. მოკლედ, სწორედ ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება განასხვავებს ყველაზე მეტად ამ არჩევნებს წინა არჩევნებისგან. სხვა შემთხვევებში ოპოზიცია მეტ-ნაკლებად ახერხებდა შეთანხმებას – თუ ერთი ფრონტით არ გადიოდნენ, იმას მაინც ახერხებდნენ, ერთმანეთს არ დაჰპირისპირებოდნენ.”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“გარდა ამისა, გაუგებარია, რომელი პოლიტიკური ძალები იღებენ პასუხისმგებლობას მასშტაბური აქციის ორგანიზებასა და ხელისუფლების შეცვლის დაპირებაზე და თუ არ შეიცვალა, მერე რას გეგმავენ?! გეტყვით, რაც მოხდება… 4 ოქტომბრის 20:00 საათისთვის ხელისუფლება რომ არ შეიცვლება, ვფიქრობ, ყველასთვის გასაგებია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რამდენად რეალურია ეს დაპირება, რადგან როდესაც შედეგი არ დადგება, უფრო მეტად იმედგაცრუებული არ დარჩეს. კი, პროტესტი აუცილებელია, აგერ 300 დღეზე მეტია ხალხი ქუჩაშია, ეს უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ფუჭი იმედის შექმნა არ არის საჭირო! რაც შეეხება მმართველ გუნდს, მას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება – არ უნდა წაუცდეს ხელი ძალის გადამეტებაზე. უნდა ახსოვდეთ 2007 წლის 7 ნოემბრის გაკვეთილები!”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ოპოზიციიაში ერთმანეთს “ოცნებასთან” გარიგებაში ადანაშაულებენ და ამით უფრო აძლიერებენ “ოცნებას”. არ მინდა ვინმეს რაიმე იარლიყო მივაკერო და ვინმე გარიგებაში დავადანაშაულო, მაგრამ ვიტყვი ერთს – ბიძინა ივანიშვილმა ლამის მთელი საქართველო იყიდა და ოპოზიციის ყიდვაც არ გაუჭირდებოდა. ჩვენს ბოლო 30-წლიან ისტორიას თუ გადავხედავთ, პოლიტიკოსების ყიდვა-გაყიდვა დიდი პრობლემა არასდროს ყოფილა. დღეს ამის დოკუმენტური დადასტურება არა მაქვს, ამიტომ ვერაფერს დავამტკიცებ, თუმცა ეჭვები არსებობს. არის მეორე ფაქტორიც, გაცილებით რეალური – ვერც ბოიკოტის მომხრე და ვერც მოწინააღმდეგე ვერ უარყოფს, რომ თბილისი არის ოპოზიციური. ჯამურად, მინიმუმ, ასე განაწილდება ხოლმე მხარდაჭერა: 60% ოპოზიციური ძალები, ხოლო 40% “ქართული ოცნება”. თუ ვინმემ არ იცის, უნდა ისწავლოს ან გაიხსენოს უახლესი ისტორია. ზოგიერთმა საკუთარი პარტიის ჩამოყალიბებისა და წარმატების ისტორიაც რომ ნახოს, კარგი იქნება _ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ვგულისხმობ…”, – მიიჩნევს ექსპერტი.
“სწორედ მათ გასაგონად ვამბობ – “ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში 2002 წელს მოვიდნენ. რომ არ ყოფილიყო 2002 წელი, იქნებოდა კი 2003 წლის “ვარდების რევოლუცია”? ამასთანავე, თუ ოპოზიციური ამომრჩეველი არის 60%, თბილისისთვის ბრძოლას წინ რა უდგას? როდესაც ამაზე ამბობ უარს და რაღაც მითურ სცენარს მთავაზობ, 4 ოქტომბერს რომ შეიკრიბება ხალხი და არ დაიშლება, ვიდრე ძალაუფლებას არ დათმობს მმართველი ძალა, ბუნებრივად მიჩნდება კითხვა, როგორ აპირებ ამას? თუ ამათ უნდათ 2003 წლის სცენარის გამეორება, ეს არ გამოვა, რადგან მაშინ სულ სხვა პოლიტიკური რეალობა იყო. როდესაც ამ ყველაფერზე არგუმენტირებული პასუხები არ ჩანს, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, ვის წისქვილზე ასხამს წყალს ის ოპოზიცია, რომელმაც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა? ვერაფრით გავიგე, რატომ არის ცუდი ოპოზიციურმა ამომრჩეველმა, განსაკუთრებით თბილისში, არჩევნებში და პროტესტშიც მიიღოს მონაწილეობა?” – დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.
“საგამოძიებო კომისიის დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი პროცედურების წამოწყების საფუძველი რომ გახდეს, ესეც წინასაარჩევნო ხრიკია – ცდილობენ ოპოზიციაში მთავარ ძალად წარმოაჩინონ ისევ და ისევ “ნაციონალური მოძრაობა”, მიუხედავად იმისა, რა შედეგები მიიღო ამ პარტიამ წინა საპარლამენტო არჩევნებზე… მაინტერესებს, თუ “ნაციონალური მოძრაობის” წვერებს აეკრძალებათ პოლიტიკური საქმიანობა, ეს შეეხება თუ არა იმ ათასობით ყოფილ “ნაციონალს”, რომლებიც ახლა “ქართული ოცნების” რიგებში ყველაზე თავგადაკლული “მეოცნებეები” არიან, მათ შორის არჩევნების გაყალბების საქმეში? ისინი ხომ ზუსტად ისევე იქცევიან, როგორც “ნაციონალური მოძრაობისთვის” ირჯებოდნენ… მოკლედ, მეეჭვება “ქართულმა ოცნებამ” “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ რეალური ნაბიჯები გადადგას. მე-13 წელია ვუყურებთ, რომ “ქართულ ოცნებას” “ნაციონალური მოძრაობა” ჰაერივით სჭირდება…” – თვლის რესპონდენტი
“კიდევ ერთი – რაც უფრო გააძლიერებს პროპაგანდისტულ ზეწოლას ხელისუფლება, ეს იმუშავებს იმისთვის, რომ ბოიკოტი გაძლიერდეს და ოპოზიციური ამომრჩეველი არ მივიდეს არჩევნებზე. “ქართულ ოცნებას”, რა თქმა უნდა, ურჩევნია ქუჩაში იყოს ხალხი, ვიდრე საარჩევნო უბნებზე. ჩემი აზრით, ამისთვის გააკეთებინეს ახლა წულუკიანს მორიგი განცხადება. ის მანამდეც ლაპარაკობდა ამაზე. “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვა ერთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, რაც მარტო ამ ძალას კი არა, მთელ რეალურ ოპოზიციას, ასევე არასამთავრობო სექტორსა და მედიასაშუალებებს შეეხება. ვგულისხმობ იმ შემთხვევას, თუ ქვეყანაში ჩამოყალიბდება სრულმასშტაბიანი ავტორიტარული მმართველობა. ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რომ სრულად ავტორიტარულ რეჟიმში ვცხოვრობთ, თუმცა “ქართულ ოცნებას” სწორედ იქით მიჰყავს ქვეყანა”, – დასძენს ძაბირაძე.
არჩევნების პარალელურად, “ოცნება” ენმ-სა და კიდევ 6 პარტიის აკრძალვის პროცედურას ოფიციალურად იწყებს
“ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ “ნაცმოძრაობისა” მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წამოწყების გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით კი, ეს პროცესი უკვე ოქტომბერში დაიწყება. როგორ იმოქმედებს ასეთი ნაბიჯი პოლიტიკურ პროცესებზე და რატომ გააქტიურდა ეს თემა სწორედ არჩევნების წინ? XI მოწვევის პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია თებერვალში შეიქმნა. მისი უფლებამოსილების ვადა სამჯერ გაგრძელდა და მუშაობა ექვს თვეში დაასრულა. საბოლოო დასკვნა 500 გვერდისგან შედგება. როგორც კომისიაში აცხადებენ, “კომისიის დასკვნა არ არის მხოლოდ ტექსტი, სადაც მოთხრობილია სხვადასხვა ტრაგედია, არამედ, ეს არის ფაქტებით და მტკიცებულებებით გამყარებული დოკუმენტი”. სავარაუდოდ, დაანონსებული აკრძალვა “ნაციონალური მოძრაობის” გარდა შეეხება პარტიებს: “გირჩი – მეტი თავისუფლება”, “დროა”, “ახალი”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ფედერალისტები” და “ევროპული საქართველო”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით არჩევნების პარალელურად, “ოცნება” ენმ-სა და კიდევ 6 პარტიის აკრძალვის პროცედურას ოფიციალურად იწყებს.
“საქართველოს პირველი არხის ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და “დასკვნის საფუძველზე საგამოძიებო კომისიაში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებიც დაიწყება”. “საპარლამენტო უმრავლესობამ და “ქართულმა ოცნებამ”, როგორც პარტიამ, მიიღო გადაწყვეტილება, ეს დასკვნა გახდეს საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წამოწყებისა, რომლის მიზანიც იქნება “ნაციონალური მოძრაობის” და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა. ეს არის მიზანი, ვინაიდან, მიგვაჩნია, რომ ამის გარეშე ქვეყანას არ უწერია განვითარების პერსპექტივა. “ქართული ოცნება” მუდმივად ვერ იქნება ხელისუფლებაში და ჩვენი ვალი, ჩვენი გასაკეთებელი საქმე და მისიაა, რომ ხელისუფლებიდან წასვლა როცა მოგვიწევს, არა 5 ოქტომბერს და დამხობის გზით, არამედ არჩევნების გზით, ამისი დრო დადგება ოდესღაც, მორიგი არჩევნების დროს, გამორიცხული გვქონდეს იმ დროისთვის შანსი და რისკი, რომ დასკვნაში აღწერილი ფაქტების ჩამდენი პირები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში”, – განაცხადა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი ჟურნალისტებთან თქვა, რომ სარჩელი სასამართლოში, სავარაუდოდ, ოქტომბერში შევა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“საკონსტიტუციო სასამართლოში ოქტომბერში შევა შესაბამისი სარჩელი ყველა იმ პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მოიაზრება კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ქვეშ”, – აღნიშნა კობახიძემ. შეგახსენებთ, კომისია თავდაპირველად “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შესწავლის მანდატით შეიქმნა, თუმცა მალევე მანდატი გაფართოვდა და მოიცვა ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობა 2003 წლიდან დღემდე. როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, ხელისუფლებამ “ნაცმოძრაობის” აკრძალვაზე საუბარი ახლა იმიტომ გააქტიურა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებისგან ყურადღების გადატანას ცდილობს. ჩიტაძის თქმით, ისინი ცდილობენ ხალხი დაარწმუნონ, რომ აქციაზე “დამნაშავეების” გვერდით არ დადგნენ. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ამბობს, რომ “ნაცმოძრაობის” აკრძალვაზე საუბარი დიდი ხანია მიდის და ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას 4 ოქტომბერთან კავშირი არ აქვს”, – განაგრძობს გამოცემა.
“თითქოს სურთ ყურადღების გადატანა 4 ოქტომბრის მოვლენებისგან: ერთი მხრივ, აქვთ ოპოზიციის დისკრედიტაციის მცდელობა 4 ოქტომბრამდე. ხალხს მოუწოდებენ – არ დადგეთ იმ ოპოზიციის გვერდით, რომელმაც ომი დაიწყო და სხვადასხვა დანაშაულები ჩაიდინა ცხრა წლის განმავლობაში. ცდილობენ ამაში დაარწმუნონ საზოგადოება და, ვფიქრობ, ეს პირდაპირ უკავშირდება 4 ოქტომბერს: სურთ, რომ ხალხს არ ჰქონდეს მოტივაცია, რათა არ გავიდნენ ამ დღეს რუსთაველის გამზირზე. რაც შეეხება გრძელვადიან მიზნებს, მათი ამოცანაა მთავარი ოპოზიციური ძალის დისკრედიტაცია და გაუქმება, რათა საკუთარი ძალაუფლება გაიმყარონ. ფორმალურად დარჩება სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომ თქვან – ქვეყანაში მრავალპარტიულობაა. “ოცნება” ცდილობს რეიტინგის ამაღლებას. თუმცა რეიტინგის ამაღლებას ცდილობს არა გაკეთებული საქმეებით, არამედ მუდმივი საუბრით იმაზე, თუ რა ცუდი იყო წინა ცხრაწლიანი რეჟიმი”, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“ნაცმოძრაობა” თავისი სატელიტებით რომ აიკრძალებოდა, ამის შესახებ, ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ რამდენჯერმა თქვა ბიძინა ივანიშვილმა და პარტიის სხვა ლიდერებმაც. შესაბამისად, შეიქმნა კომისია, დაიწერა დასკვნა და სწორედ ეს დასკვნა იქნება საფუძველი სარჩელის შეტანისათვის. ქრონოლოგიურად რომ შევხედოთ, “ნაცმოძრაობის” შესაძლო აკრძალვაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა, საერთაშორისო კონიუქტურიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო “ნაცმოძრაობის” პარტიის აკრძალვის საკითხის წამოწევა. ბოლო სამი წელია საქართველომ აქტიურად დაიწყო საკუთარი სუვერენიტეტის განმტკიცება. შესაბამისად, აღარაფერს წარმოადგენს არც ევროპარლამენტარების, არც ევროკომისრის ცალკეული განცხადებები. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რას იტყვის ბრიუსელიდან – “ნაციონალური მოძრაობა”, თავისი შავბნელი საქმიანობიდან გამომდინარე, აიკრძალება. თუმცა ეს აკრძალვა არ მოხდება სწრაფად; პროცესს დრო დასჭირდება. შესაძლოა, ეს წელს მოხდეს ან გაისად”, – განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“თუ 7 პარტიას მართლაც აკრძალავენ, ნიკა ჩიტაძის თქმით, ეს აკრძალვა ავტორიტარულ რეჟიმს უფრო გაამყარებს და გააძლიერებს. “საქართველოში კიდევ უფრო გამყარდება ავტორიტარული რეჟიმი, თუ 4 ოქტომბერს ხელისუფლება არ შეიცვლება. საქართველო კიდევ უფრო მეტად დაშორდება დემოკრატიულ სამყაროს და უფრო მეტად დამოკიდებულები აღმოვჩნდებით რუსეთსა და ჩინეთზე. პრობლემა არ ეხება მხოლოდ ევროპულ ინტეგრაციას. ჩნდება ძირითადი კითხვა – გვექნება თუ არა საერთოდ სახელმწიფო. დღესაც ისმის ეს კითხვა, როცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ერთი პარტიის კონტროლს ექვემდებარება”, – ამბობს ჩიტაძე. გია აბაშიძის აზრით, აკრძალვა პოლიტიკურ ველს გაათავისუფლებს და გააჩენს ადგილს ჯანსაღი ოპოზიციისათვის. “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებასთან ვინც პირდაპირ ან ირიბად არ იყო დაკავშირებული, არაფერი ემუქრება. შესაბამისად, “ნაცმოძრაობისა” და იმ პირების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა, რომლებიც დამნაშავე ხელისუფლების წევრები იყვნენ, პირიქით, წაადგება ქართულ დემოკრატიას. ჟანგბადივით საჭიროა, რომ პოლიტიკიდან გაქრეს მავნე ძალა, ოპოზიცია გაჯანსაღდეს და ისე გაძლიერდეს, რომ ღირსეული და ძლიერი კონკურენცია გაუწიოს ხელისუფლებას, მიიჩნევს აბაშიძე და თვლის, რომ “ნაცმოძრაობის” მავნებლური წნეხი ხელს უშლის ოპოზიციური ძალების განვითარებას”, – დასძენს გამოცემა.
მირიან მირიანაშვილი – “საქართველო თითქმის აბსურდულ მდგომარეობაშია, ველოდებით რუსეთისგან რაღაც “ვერდიქტს”, რომელიც არასოდეს მოვა”
“თუ დავაკვირდებით, რომელ ქვეყანასაც რუსეთთან ბოლო პერიოდში უფრო მწვავე დაპირისპირება აქვს, “ოცნებაც” სწორედ იმ ქვეყნის ხელისუფლებასა და საელჩოსთან ამკაცრებს ტონს. ცოტა ხნის წინ რუსეთის მთავარი ოპონენტი ამერიკა იყო და მაშინ განსაკუთრებული კრიტიკა სწორედ ამერიკის ელჩს ერგო. დღეს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ეს როლი გერმანიამ და ჩრდილოეთ ევროპამ იტვირთეს. შესაბამისად, რუსეთს მთავარი მოწინააღმდეგე გერმანიის პოლიტიკური ელიტა ჰყავს. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაშიც იგივე სინქრონულობა ჩანს: პოლიტიკური სიმპათიები ხშირად ემთხვევა რუსეთისას. ეს კი დასავლეთში, პირველ რიგში ევროპაში, ძალიან მკაფიოდ აღიქმება. აქ ინტრიგა იმაშია, მართლა ვაპირებთ თუ არა ელჩებისადმი დამოკიდებულების იმაზე მეტად გამწვავებას, ვიდრე მხოლოდ სიტყვიერი ბაქიბუქია?” – აცხადებს ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საქართველო სულ უფრო ღრმად ვარდება მარტოობაში”.
“მაგალითად, მართლა მოითხოვს `ქართული ოცნება~ ელჩების გაწვევას? შესაძლოა საელჩოებზე კვოტირების პრინციპი ამუშავდეს. ჩემი წყაროს ცნობით, მთავარი სამიზნე ამერიკის საელჩოა, სადაც დღეს 300-ზე მეტი თანამშრომელია. როგორც ჩანს, მოსკოვში ფიქრობენ, რომ ამერიკის საელჩო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად კავკასიაში ანტირუსულ საქმიანობას კურირებს. ახლა საინტერესო ის არის, რამდენად მზად არის საქართველო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გადადგას ასეთი ანტიდასავლური ნაბიჯები… ცხრა თვეა, რაც ტრამპი ხელისუფლებაშია და ამ პერიოდში საქართველოს “რუსეთისთვის გადაცემა” არ მომხდარა. მთავარი ისაა, ტრამპის ადმინისტრაციის საკვანძო ფიგურები, მათ შორის მარკო რუბიო და მისი გარემოცვა, მკაფიოდ აცხადებენ, რომ საქართველოს რუსეთის სატელიტად გადაქცევას ამერიკა არ დაუშვებს. ამიტომ მოლოდინი, თითქოს ტრამპი “გადაიფიქრებს” და საქართველოს სხვაგვარად მოექცევა, აბსურდულია”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.
“მცდარია იმაზე საუბარი, რომ ყველაფერი მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, “დიპ სტეიტი” დაამარცხებს თუ არა ტრამპს. სინამდვილეში ჩვენი იზოლაცია უკვე მეზობლებშიც ჩანს – აზერბაიჯანი, სომხეთი და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები პირდაპირ იმეორებენ ამერიკისა და ჩინეთის პოლიტიკურ ხაზს. ამ მდგომარეობას ვერ მივაწერთ მხოლოდ “დიპ სტეიტს”. როცა დიდი სახელმწიფოები ასეთ დამოკიდებულებას ავლენენ, მეზობლებიც ბუნებრივად მიჰყვებიან მათ. შედეგად, საქართველო სულ უფრო ღრმად ვარდება მარტოობაში. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ხელისუფლება თავადაც მზად არის თქვას, აღარ გვჭირდება გაერო, ევროსაბჭო და სხვა საერთაშორისო ფორმატებიო. ეს უკვე აშკარად თვითიზოლაციისკენ სვლის ნიშნებია. ძალიან ცუდად მენიშნა “თურქი მესხების” დაბრუნებაზე პრეზიდენტ ერდოღანის საუბარი. შეიძლება ყაველაშვილი ვერ მიხვდა, მაგრამ კომპეტენტურმა პირებმა ხომ იციან, რომ ეს, ფაქტობრივად, ტერიტორიული და პოლიტიკური პრეტენზიის ფორმაა”, – განაგღძობს რესპონდენტი.
“საქართველოს ხელისუფლებას ეს განცხადება არ უნდა უგულებელეყო და თურქეთში ქართული წარმოშობის მოსახლეობის ჩაგვრაზე უნდა გაეკეთებინა აქცენტი. ლაზებს, იმერხეველებს, ტაო-კლარჯეთის ძველ მოსახლეობას ისტორიულად უამრავი დაბრკოლება შეხვდათ: ერთ დროს სკოლებსა და სახელმწიფო დაწესებულებებში ქართულად საუბარი აკრძალული იყო და ისჯებოდა კიდეც. სანამ ამ ისტორიულ პრობლემებზე რეალური პასუხი არ არსებობს, “თურქი მესხების დაბრუნებაზე” არ უნდა ლაპარაკობდნენ თურქები. იმისათვის, რომ ამერიკამ რეგიონში თურქეთის გავლენის გადაჭარბება არ დაუშვას, დიპლომატიური მუშაობაა საჭირო და არა ელჩების ლანძღვა-გინება. რუსეთი არ აშინებს ერდოღანს, სირიაში, ერაყში, მთელ ამიერკავკასიაში თურქეთმა არაერთხელ იმოქმედა რუსეთთან შეთანხმების გარეშე. იგივე მოხდა ყარაბაღის შემთხვევაშიც. თურქეთი ხმამაღალ განცხადებებს კი აკეთებს, მაგრამ მოქმედებამდე ვერ მიდის, იმიტომ, რომ ამერიკის ნების გარეშე რეგიონში არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება”, – მიიჩნევს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე – “ფიქრობთ, ამ ყველაფერს საქართველოს ხელისუფლება ვერ აანალიზებს?” – პასუხობს:
“ქართული ოცნება” იოლ გამოსავალს ეძებს და ვერ ამჩნევს ფუნდამენტურ პრობლემას. რეალობა ისაა, რომ რუსეთიც ვერ ბედავს განაცხადოს, თითქოს საქართველოს სრული კონტროლი უნდა. თუმცა ხელისუფლება მაინც ცდილობს დასავლეთს დაანახოს, რომ მზად არის რუსეთთან ყოფნისთვის. ამ მდგომარეობაში მთავარი საფრთხე ისაა, თუ ამერიკის პოლიტიკა საქართველოს მიმართ უფრო მკაცრი გახდება, ამას აუცილებლად გამოიყენებენ ჩვენი მეზობლები, თურქეთი და აზერბაიჯანი. ასეთ ვითარებაში მათ შეიძლება გაუჩნდეთ ტერიტორიული პრეტენზიებიც. სწორედ ამიტომაა სახიფათო ქვეყნის იზოლაცია – მაგალითად, აზერბაიჯანმა უკვე გადადგა მკვეთრი ნაბიჯი, სახმელეთო საზღვარი ჩაკეტა. ეს უკიდურესად არამეგობრული ჟესტია, რომელიც სამხედრო მუქარის ელემენტსაც ატარებს. ხელისუფლება კი დუმს და არ რეაგირებს”…
“რაც შეეხება ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ხაზს 4 ოქტომბრის შემდეგ, დღევანდელ ოპოზიციას რესურსი არა აქვს, რომ ხელისუფლება შეცვალოს. შესაბამისად, მაქვს მოლოდინი, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ დასავლეთიდან უფრო მკაფიო სიგნალი გამოიგზავნება: თუ “ოცნება” არ შეცვლის კურსს, ამერიკა მასთან პოლიტიკურ ურთიერთობას აღარ განაგრძობს იმ ფორმით, როგორიც ახლა აქვს. ასეთ ვითარებაში ივანიშვილი იძულებული გახდება დასავლეთთან “გადატვირთვაზე” იფიქროს. რაც შეეხება რუსეთს, როგორც არ უნდა იყოს ის დასუსტებული, გავლენის დაკარგვას არასოდეს აღიარებს. სწორედ ამიტომ საქართველო ახლა თითქმის აბსურდულ მდგომარეობაშია, ველოდებით რუსეთისგან რაღაც “ვერდიქტს”, რომელიც არასოდეს მოვა”, – დაასკვნის მირიან მირიანაშვილი.
აფხაზეთის ომის მთავარი სიმბოლო შეიძლება დაანგრიონ – სოხუმში მინისტრთა საბჭოს ყოფილი შენობის რეკონსტრუქცია იგეგმება
“აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, ომის დასრულებიდან 32 წლის შემდეგ, ყოფილი მინისტრთა საბჭოს შენობის განახლება გადაწყვიტა. მასშტაბური რეკონსტრუქციის ფარგლებში შენობის მთავარი, ცენტრალურ ნაწილი, შესაძლოა მთლიანად ან ნაწილობრივ დაანგრიონ და მის ადგილას რაღაც ახალი ააშენონ. დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს რეკონსტრუქცია “მთელი ქვეყნის აღორძინების სიმბოლო” გახდება. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობა, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს, აფხაზეთის ომის სიმბოლოა. შენობა 12-სართულიანია და ის 1939 წელს აშენდა. 1993 წელს 27 სექტემბერს ის სეპარატისტთა შეიარაღებულმა ნაწილებმა ბრძოლით აიღეს. იმავე დღეს მათ ტყვედ აიყვანეს შენობის ბოლო დამცველები – აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს იმდროინდელი თავმჯდომარე ჟიული შარტავა და მისი თანმხლები პირები, რომლებიც მოგვიანებით დახვრიტეს. დე ფაქტო პრეზიდენმა ბადრა გუნბამ სოხუმის დე ფაქტო მერს, ტიმურ აგრბას 5 სექტემბერს დაავალა რეკონსტრუქციის საუკეთესო კონკურსის გამოცხადება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით აფხაზეთის ომის მთავარი სიმბოლო შეიძლება დაანგრიონ – სოხუმში მინისტრთა საბჭოს ყოფილი შენობის რეკონსტრუქცია იგეგმება.
“27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, შენობის წინ მდებარე მოედანზე საზეიმო კონცერტი გაიმართა, რა დროსაც ისტორიულ შენობაზე ჩამოფარებული იყო ზეწრები აღდგენილი შენობის პრინტით. წინა წლებში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სოხუმში გეგმის განხორციელებას სერიოზულად უდგებიან. როგორც აფხაზური მედია წერს, კონკურსის მთავარი პირობაა, რომ შენობის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელები აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს, რადგან, დე ფაქტო პრეზიდენტ გუნბას თქმით, “ისინი ქვეყნის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სიაში შედიან”. როგორც გუნბამ განაცხადა, “30 წელზე მეტია ეს შენობა სავალალო მდგომარეობაშია და არღვევს დედაქალაქის იერსახეს”, სოხუმის მთავარ მოედანზე ამ შენობის აღდგენა ან ახალი ობიექტის აშენება კი “უნდა გახდეს არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის აღორძინების სიმბოლო”. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მოსკოვიდან წამოსული დირექტივის შედეგია, რათა მსგავსი ტიპის ობიექტებმა, განსაკუთრებით სოხუმსა და გაგრაში, “ცივილიზებული იერი მიიღოს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“აქამდე ეს შენობა სიმბოლოდ იყო ქცეული, ახლა გადაწყვიტეს, რომ ამ სიმბოლოს ასე დატოვება არ შეიძლება. უნდა ითქვას, რომ ადრე კორუფციის წარმოუდგენელი დონე იყო და ამ ბოლო დროს რუსეთიდან აფხაზეთში წამოსული თანხების გადანაწილება ხდებოდა, როგორც გზად მოსკოვიდან სოხუმამდე, ისე თვითონ სოხუმშიც. ახლა მიდგომები შეიცვალა, მოსკოვიდან მკაცრი გაფრთხილებაა, მას მერე, რაც განსაკუთრებით კირიენკო მოვიდა, როგორც აფხაზეთის კურატორი. მოგეხსენებათ, კირიენკო წარმოშობით სოხუმელია, სოხუმში დაბადებულ-გაზრდილი კაცია. ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურა გააჯანსაღონ და შეცვალონ. მთავარი აქცენტი კი გაკეთებულია სოხუმსა და გაგრაზე, სადაც ტურისტული ზონებია. ალბათ აქედან გამომდინარე ხდება ამის გარემონტებაც, რადგან სხვა მოტივი არ ვიცი. ამდენი წლის განმავლობაში სიმბოლოსავით ჰქონდათ და გარემონტება ახლა გადაწყვიტეს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
“ამ შენობაში ალბათ შეიძლება განთავსდეს დე ფაქტო სახელმწიფო უწყებები, ქალაქის ცენტრში ამხელა შენობას უბრალო ძეგლად ხომ ვერ დატოვებენ? ამის თაობაზე კონკრეტული გეგმა მათ ჯერ ჩამოყალიბებული არ აქვთ, ეს ზუსტად ვიცი. რაც შეეხება იმას, რომ ეს უნდა გარემონტდეს, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თან მოსკოვის მოთხოვნაც იყო მოთხოვნა, რომ ასეთი ტიპის ობიექტებმა ცივილიზებული იერი უნდა მიიღოს”, – დასძენს არეშიძე.
