ფრე ქუთაისში… და “თელავის” მოგება “გაგრასთან”

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 26-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა. ქუთაისში ტორპედომ 1:1 ითამაშა დინამო თბილისთან, თელავმა კი შინ 4:0 აჯობა გაგრას.
ტორპედო 1:1 დინამო თბ
ამ კლუბების დაპირისპირება ხშირად საჩემპიონო დატვირთვას ატარებდა, მაგრამ ამჯერად ასე არაა. გუნდები მესამე-მეოთხე პოზიციებზე არიან. დინამო თბილისი ორი ქულით წინ იყო და თანაფარდობა იგივე დარჩა. ფრე 1:1.
ქუთაისელები მეორე ტაიმის საწყის წუთებში დაწინაურდნენ ბიორნ იონსენის გოლით. ხანგრძლივი შეტევის მერე კომნენ ანდრიჩმა გაუკეთა პასი იონსენს და მანაც ათიოდე მეტრიდან გაიტანა. ეს იონსენის მე-11 გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და ბომბარდირთა შორის თანალიდერია გიორგი ფანცულაიასთან და იური ტაბატაძესთან ერთად.
დინამო თბილისმა 71-ე წუთზე გაათანაბრა, კერძოდ, თორნიკე მორჩილაძემ მოიპოვა პენალტი და თვითონვე გაიტანა.
საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ეს იყო ტორპედოსა და დინამოს 96-ე დაპირისპირება: აქედან 50 დინამოელებმა მოიგეს, 20 ქუთაისელებმა, ხოლო 26 ფრედ დასრულდა…
თელავი 4:0 გაგრა
თელავმა ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა, ხოლო გაგრას ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია დაუმთავრდა.
მატჩი ახალი დაწყებული იყო, როცა თელაველთა ფეხბურთელმა ფირუზ გაბიტაშვილმა საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში.
34-ე წუთზე თელაველებმა სოლიდური უპირატესობა მიიღეს. ელდარ პარკინაშვილის პასის მერე ტატო ჟივიძე რჩებოდა დასარტყმელ პოზიციაში, მაგრამ გაგრელთა ბრაზილიელმა მცველმა კლაუდინეიმ წააქცია. არბუტრმა კობა რევაზაშვილმა VAR-ზე გადამოწმების მერე კლაუდინეიც გააძევა და პენალტიც დანიშნა. პენალტი თელაველთა კაპიტანმა დაჩი ცნობილაძემ დაარტყა და მეკარე არსენ სიუკაევმა მოიგერია ბურთი.
პირველ ტაიმში თელავმა მაინც გაიტანა მეორე. კარგ კომბინაციას მოჰყვა ესპანელი ინიგო მარტინის დაბალ კუთხეში დარტყმა და 2:0.
58-ე წუთზე პარკინაშვილის პასის შემდეგ დაჩი ცნობილაძემ ახლოდან გაიტანა. პენალტიდან ვერა, მაგრამ თავისი მაინც გაიტანა…
ხოლო ბოლო გოლი ანდრია დევდარიანმა მიითვალა. თელაველთა საყრდენმა საჯარიმოს გარედან ცაციით 4:0 გახადა ანგარიში.
erovnuliliga.ge
87-ე წუთი… “ტორპედომ” ფოთში მოიგო, “გაგრამ” “გარეჯთან” ქულა გადაარჩინა
GEO TEAM : გეგუჩაძემ “იბერია 1999” დატოვა
[VIDEO] ს “დინამოს” “თელავთან” შეხვედრაში სათადარიგო ფეხბურთელი აღარ დარჩა