ნახევარი ბულგარეთი დღემდე სადღეღამისო აფთიაქების გარეშეა დარჩენილი

ნახევარი ბულგარეთი დღემდე სადღეღამისო აფთიაქების გარეშეა დარჩენილი, – ეს პრობლემა შორეულ რეგიონებშიც არ არის მოგვარებული
ნახევარ ბულგარეთს ღამით მედიკამენტებზე წვდომა არ აქვს. 14 რაიონი სადღეღამისო აფთიაქის გარეშეა დარჩენილი. ფარმაცევტული კავშირის მონაცემებით, დაახლოებით 3 000 აფთიაქს ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდთან კონტრაქტი აქვს გაფორმებული. თუმცა, მათგან მხოლოდ 35 მუშაობს 24-საათიან რეჟიმში.
„წამლები მოაქვს ექიმს ან ბებიაქალს, რომლებსაც მეჩკაში უწევთ ჩამოსვლა. მხოლოდ მაგათ იმედზე ვართ – სხვაგვარად, შეუძლებელია! ხანდაზმული ადამიანები ეძებენ ახალგაზრდებს, რომლებიც მოემსახურებიან. მე ჩემი შვილები მეხმარებიან, რომლებიც რუსეში მუშაობენ“.
ძნელადმისადგომ და შორეულ ადგილებში 24-საათიანი აფთიაქების გასახსნელად საჭირო ფინანსურ მხარდაჭერას ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდი უზრუნველყოფს. წელს ბიუჯეტის დაგვიანებით მიღების გამო, აფთიაქებს თანხები მხოლოდ 1 ივნისის შემდეგ ჩაერიცხათ.
„ეს პროცედურა ყოველ წელს ხელახლა უნდა ჩატარდეს. შესაბამისად, ყოველ წელს დამოკიდებული ვართ დეპუტატებზე, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნული ფონდის ბიუჯეტის დამტკიცებას მისცენ ხმა. არავინ იცის, ასე როდემდე გაგრძელდება. ხალხს, უბრალოდ სურს, რომ დაინახოს მუდმივობა, სტაბილურობა… გარდა ამისა, აფთიაქის გახსნაში ინვესტიციის ჩადებაც მარტივი არ არის“, – ამბობს ბულგარეთის ფარმაცევტული კავშირის თავმჯდომარე, დიმიტარ მარინოვი.
წელს, ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ძნელადმისადგომ და შორეულ რაიონებში 9 აფთიაქი და ერთი სადღეღამისო აფთიაქი გაიხსნა.
„ვიმედოვნებ, რომ თუ დაფინანსება გაგრძელდება, წლის ბოლომდე მხოლოდ რამდენიმე რაიონიღა დარჩება, რომელიც 24-საათიანი აფთიაქის გარეშე იქნება“, – აცხადებს მარინოვი.
თუმცა, ფარმაცევტების თქმით, არსებობს საშიშროება, ფარმაცევტულ კავშირსა და ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნულ ფონდს შორის კონტრაქტის პირობებში შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო, ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდთან მუშაობაზე აფთიაქებმა უარი თქვან.
„არასდროს მომხდარა, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნულ ფონდთან კონტრაქტის ხელმოწერაზე ჩვენ უარი გვეთქვას. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ხაზინას, ფაქტობრივად, უფლება ეძლევა, ცალმხრივად შეადგინოს ნებისმიერი კონტრაქტი, როგორიც თვითონ სურს. ამ შემთხვევაში, აფთიაქები ფონდთან მუშაობას შეწყვეტენ,“ – ამბობს ბულგარეთის ფარმაცევტული კავშირის თავმჯდომარე.
წყარო: 1 არხი