პროკურორი – ბიჭიკო პაიკიძე, სავარაუდოდ, ესპანეთში ან პორტუგალიაში ცდილობდა გადასვლას, რათა გამოძიებას უკეთესად მიმალვოდა – ადვოკატმა თქვას, სად არის ის და ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლები ჩავლენ და ჩამოიყვანენ

პროკურორ ბექა ხუნაშვილის განცხადებით, კომპანია B.P. TRANS- ის მფლობელი, ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბიჭიკო პაიკიძე სავარაუდოდ, ესპანეთში ან პორტუგალიაში ცდილობდა გადასვლას, რათა ის გამოძიებას „უკეთესად მიმალვოდა“.
აღნიშნულის შესახებ პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. მან ასევე დაცვის მხარის პოზიციას გასცა პასუხი, რომლის მიხედვითაც, პაიკიძეს საქართველოში ჩამოსვლა სურს, თუმცა, მას პასპორტი გაუუქმეს.
ხუნაშვილის თქმით, პაიკიძეს ვალიდური პასპორტი აქვს და შეუძლია ქვეყანაში დაბრუნდეს, თუმცა პაიკიძის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ უპასუხა, რომ „პასპორტი არ არის ვალიდური“.
თავის მხრივ, აღნიშნულის საპასუხოდ, პროკურორმა განაცხადა: „ადვოკატმა თქვას, თუ სად არის ბიჭიკო პაიკიძე და ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლები ჩავლენ და ჩამოიყვანენ“.
ადვოკატმა კი თავის მხრივ უპასუხა, რომ ამაზე პასუხის გაცემა რამდენად სერიოზულია, არ იცის.