„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, პარტიის ლიდერებმა ვიზიტის დროს შეხვედრა გამართეს გერმანიის ბუნდესტაგის წევრთან, გერმანია – სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილესთან დანიელ კიოლბლთან. ამასთან, მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს ლევან ხაბეიშვილის, მიხეილ სააკაშვილის და პოლიტპატიმრების დაკავებაზე, უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, სწორედ გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა მათ შორის იმისთვის, რომ საქართველო გადარჩეს, როგორც სახელმწიფო და მისი ევროპული მომავალი გადარჩეს.
„დღევანდელ შეხვედრებზე გერმანიის ბუნდესტაგში, ისევე როგორც საგარეო უწყებაში დავრწმუნდი, რომ კანცლერი მერცი, რომელსაც ცოტახნის წინ შევხვდი, ნამდვილად გულისხმობდა სიტყვებს, რომ განსხვავებულ გერმანიას ვიხილავდით მისი კანცლერობის პერიოდში. სწორედ გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა მათ შორის იმისთვის, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო და ჩვენი ევროპული მომავალი გადარჩეს, არ მოხდეს მილიონობით საქართველოს მოქალაქის სანქცირება ანუ უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რაც რეალური საფრთხეა დღეს.
ჩვენ ვმუშაობთ ბერლინში, ისევე როგორც ბრიუსელში. სანქცირება და უვიზოს შეჩერება უნდა მოხდეს კონკრეტულად მიზნობრივად ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე, სისტემის თანამონაწილეებზე, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა დაკარგონ ეს დიდი პრივილეგია.
ამაზე უნდა ვიმუშაოთ. დარწმუნებული ვარ ძალიან მალე საგარეო და შიდა წნეხის მეშვეობით საქართველოში რეჟიმი შეიცვლება და ბერლინში ვივლით არა სანქციებზე სასაუბროდ, არამედ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა შევიყვანოთ ევროკავშირში“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
