სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლას ეხმაურება.
დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ “ქართული მხარე კვლავ იყენებს რეალობასთან შეუსაბამო რიტორიკას”.
“პრეზიდენტ ყაველაშვილის სიტყვა გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიაზე, სადაც საუბარი იყო „ოკუპაციის ხაზებზე“, საქართველოს ხელისუფლების წინა განცხადებებს იმეორებს”.
ამაზე პასუხად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქმედებები, მათ შორის 2008 წელს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, მყარ სამართლებრივ საფუძველზეა დაფუძნებული და არ ექვემდებარება გადახედვას.
“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაციის ქვეშ რჩება, ჩვენ დიდი ენერგიითა და შემართებით ვაგრძელებთ განვითარებასა და წინსვლას. ჩვენ გვაკისრია მისია, რომ ჩვენმა შვილებმა უფრო ძლიერ, ღირსეულ საქართველოში და მშვიდობიან მსოფლიოში იცხოვრონ.
მინდა მივმართო საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებსა და დებს. საუკუნეების მანძილზე ჩვენ ერთად ვწერდით საქართველოს ისტორიას, ისტორიას, რომელიც სავსეა ჩვენი წინაპრების გმირობებით, საერთო ბრძოლით, ჩვენი ერის თვითგადარჩენისა და სამშობლოს სიყვარულისთვის. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ დიდი იმპერია, რომელიც სხვებს საკუთარ წესებს თავს მოახვევდა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ქვეყანა, რომელიც ამაყობდა საკუთარი მრავალფეროვნებით. საქართველო არის ადგილი, სადაც ცივილიზაციები საუკუნეების მანძილზე ხვდებოდნენ, ერწყმოდნენ და აბალანსებდნენ ერთმანეთს, ჩვენი კულტურა კი ამ რთული და მუდმივი სინთეზის პირმშოა”, – განაცხადა ყაველაშვილმა გაეროში.
