ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება და ამ ეტაპზე, რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია:
„ძალიან სერიოზული მდგომარეობაა. ამ წუთას ვინარჩუნებთ სტაბილურობას, თუმცა დიაგნოზი არის ძალიან საშიში და ძალიან სერიოზული. მას აღენიშნება სხეულის ნახევრის, 40-45%-ის, როგორც თერმული, ასევე ქიმიური დაზიანება და სხვადასხვა, სავარაუდოდ, ბასრი საგნით მიყენებული ნაკვეთი ჭრილობები. მართვით სუნთქვაზე იმყოფება, რა თქმა უნდა, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში“, – უთხრა გუგა ქაშიბაძემ რადიო თავისუფლებას.
43 წლის ზურა ბურდული, რომელმაც ქალს სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ „დანაშაულში ბრალდებულმა პირმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა ყოფილ მეუღლეს, რის შემდეგაც ბენზინის შესხმით მის დაწვას შეეცადა“.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
