მიხეილ ყაველაშვილს დავალება ჰქონდა ფოტოს გადაღება, ფოტოს მაძიებელია და ფოტოც ვერ გადაიღო, რაღაც ტექსტი მისცეს, ტექსტიც ვერ წაიკითხა , – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაზა თავაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც მიხეილ ყაველაშვილის აშშ-ში ვიზიტსა და გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.
ზაზა თავაძის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ მიხეილ ყაველაშვილმა გაეროში საქართველოს სახელით ისაუბრა, აბსურდია, რადგან ის საუბრობს, როგორც არალეგიტიმური პრეზიდენტი,
„ყაველაშვილს ყველაზე დიდი ამოცანა ჰქონდა ის, რომ როგორმე რაღაც ფოტო მაინც გადაეღო იმ ძირითად მოთამაშეებთან, რომლებიც ტრადიციულად წარმოდგენილი არიან ხოლმე გაეროს ამ ღონისძიებაზე. მე ვფიქრობ, რომ ფოტოც კი ვერ წარმოადგინა. საუბარი იმაზე, რომ მან რაიმეზე ისაუბრა, თან საქართველოს სახელით, აბსურდია. როცა საქართველოს სახელით საუბრობს არალეგიტიმური პრეზიდენტი, რომელიც პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევით არის არჩეული მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ, ჩვენ უნდა ვიყოთ პირდაპირები და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ ის, რომ ეს ადამიანი იქ ერთადერთი რამისთვისაა გაგზავნილი რეჟიმის მიერ, რომ როგორმე რაღაც ფოტო გადაიღოს და ეს ფოტო ჩამოიტანოს, ამის გარდა ვერაფერს ვერ ჩამოიტანს. ადამიანი ქართულადაც ვერ საუბრობს და რა ენაზე ლაპარაკობს იქ, რა ენაზე დაამყარებს კონტაქტს? თუ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი რომ ახლავს და ფოტოგრაფის ფუნქციას რომ ასრულებს, ის გადაუთარგმნის რამეს?“, – განაცხადა ზაზა თავაძემ.
რაც შეეხება გერმანიისა და საფრანგეთის ელჩების საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას, ზაზა თავაძე აცხადებს, რომ ეს „აბსურდია და კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ უმეცრებაზე, არაკომპეტენტურობაზე, სითავხედეზე“.
„ეს[ელჩების დაბარება] არის კიდევ ერთი სირცხვილი და აბსურდი. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ, როგორც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ასევე ბრიტანეთის ელჩს და ყველა დემოკრატიული სამყაროს წარმომადგენლებს. „ქართულ ოცნებას“ ვერ გაუგია, რომ ეს ადამიანები წარმოადგენენ თავიანთ ხელისუფლებას. ვენის კონვენციას მართლა ვერ კითხულობენ და შინაარსიც ვერ გამოაქვთ იქიდან იმიტომ, რომ არაკომპეტენტურები არიან, შესაბამისად, გამოდიან და აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ და ცალკეული ქვეყნის მთავრობებს უწევთ განმარტება და მხარდაჭერის განცხადების მიძღვნა თავიანთი ელჩებისთვის. უცხო ქვეყნის ელჩები წარმოადგენენ სახელმწიფოებს და ამათ უნდათ ელჩებს პირადში გადაუტანონ და პირად ურთიერთობებში უნდათ ქვეყნის ურთიერთობები დაახურდაონ. ეს აბსურდია და კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ უმეცრებაზე, არაკომპეტენტურობაზე, სითავხედეზე“, – განაცხადა ზაზა თავაძემ.
