he Washington Post-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა აშშ-ს შეიარაღებული ძალების ასობით გენერალსა და ადმირალს მიზეზის დასახელების გარეშე უბრძანა, მომავალ კვირას ვირჯინიაში მდებარე საზღვაო ქვეითთა ბაზაზე შეიკრიბონ.
წყაროები გამოცემას უყვებიან, რომ ეს უჩვეულო დირექტივა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში პრაქტიკულად ყველა უმაღლეს სამხედრო მეთაურს გაეგზავნა.
WP წერს, რომ ბრძანება ამ კვირის დასაწყისში გაიცა, პოტენციური საბიუჯეტო კრიზისის ფონზე და მაშინ, როდესაც ჰეგსეთის აშკარად პოლიტიკურმა ნაბიჯებმა მის ოპონენტებში შფოთვის გრძნობა გააძლიერა, რომლებიც შიშობენ, რომ ის თავდაცვის დეპარტამენტის, როგორც არაპარტიული ინსტიტუტის, სტატუსს შლის.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ მიმდინარე წელს ჰეგსეტმა არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ს შეიარაღებულ ძალებსა და ეროვნულ გვარდიაში უმაღლესი რანგის მეთაურების “მინიმუმ 20%-იანი შემცირებაა აუცილებელი”.
პენტაგონის სპიკერმა შონ პარნელმა დაადასტურა, რომ ჰეგსეთი მომავალი კვირის დასაწყისში უფროს სამხედრო ხელმძღვანელებს მიმართავს, თუმცა, დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ნათელი არ არის მიიღებს თუ არა შეხვედრაში თეთრი სახლი მონაწილეობას, ან აპირებს თუ არა ტრამპი დასწრებას.
აშშ-ს საკუთარ ტერიტორიაზე დაახლოებით 800 გენერალი და ადმირალი ჰყავს, ხპოლო საზღვრებს გარეთ დამატებით რამდენიმე ათეული. აღნიშნული საკითხით ინფორმირებული პირების თქმით, ეს ბრძანება ყველა უფროს ოფიცერზე ვრცელდება, რომლებსაც ბრიგადის გენერლის ან უფრო მაღალი წოდება აქვთ. როგორც წესი, თითოეული ასობით ან ათასობით რიგითს ხელმძღვანელობს.