კომპანია B.P. TRANS-ის მფლობელს, ბიჭიკო პაიკიძესა და კიდევ 5 პირს ბრალდება წარედგინათ

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ექვს პირს, მათ შორის კომპანია B.P. TRANS-ის მფლობელსა და ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატს, მიმალვაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს.
პროკურატურის განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, სახელმწიფო ტენდერის შესრულების პროცესში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთისა და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელებისას, შპს „B.P. TRANS“-ის 100% წილის მფლობელი პირი, ამავე კომპანიის დირექტორისა და კომპანიის თანამშრომლის დახმარებით, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერების დახმარებით, მათთან ერთად ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ თანხას – 4 184 249 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია და არსებითად შეილახა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
„კომპანიის მფლობელს ბრალდება დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე კომპანიის დირექტორს და კომპანიის თანამშრომელს, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლებაში დახმარება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გენერალური პროკურატურა ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა შესაძლო პირების იდენტიფიცირების მიზნით.
საქართველოს პროკურატურა აგრძელებს კორუფციასთან შეურიგებელ ბრძოლას და მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას. მოვუწოდებთ ყველას, ვინც ფლობს ინფორმაციას კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით მოგვაწოდონ ინფორმაცია და ითანამშრომლონ სამართალდამცავ სტრუქტურებთან”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – მრავალი გამოწვევის მიუხედავად, შევძელით ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა – საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება შევინარჩუნოთ მშვიდობა და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ხალხს თავიდან ავარიდოთ ომი

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ვითხოვთ პატივისცემას, სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას, რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება, ესაა ულტიმატუმების, შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარი