ფერსტაპენი ნურბურგრინგზე GT3-ის კლასში ირბოლებს

მაქს ფერსტაპენი GT3 კლასის ავტომობილით პირველად იასპარეზებს.
27 სექტემბერს, გერმანიაში, ნურბურგრინგის ტრასაზე (Nordchleife სახელწოდების ტრეკზე) NLS სერიის 4 საათიანი რბოლა გაიმართება, სადაც ჰოლანდიელი ფერარის 296 GT3 მოდელით გამოვა. მანქანის შეფერილობა, რა თქმა უნდა, Red Bull-ისა და ფერსტაპენის იდეით იქნება, ნიდერლანდელის პარტნიორი კი კრის ლალჰამი იქნება.
მოგეხსენებათ, მაქსისთვის ეს ტრასა უცხო არ არის, რამდენიმე კვირის წინ GT4-ის კლასში გამოვიდა და სპეციალური ლიცენზიაც მოიპოვა, რაც GT3-ის კალიბრშიც აძლევს თავის გამოჩენის საშუალებას.
2 სიტყვით ფორმულა 1-საც რომ შევეხოთ, 4 გზის მსოფლიოს ჩემპიონი უკვე აღიარებულია თანამედროვე და არამხოლოდ ახლანდელი ეპოქის სტაბილურ და დომინანტ პილოტად. მიმდინარე სეზონში ნიდერლანდელი 255 ქულით ინდივიდუალურ ჩათვლაში მე-3 ადგილზე იმყოფება და მაკლარენის ორ პილოტს, ოსკარ პიასტრისა და ლანდო ნორისს ჩამორჩება (324 – 299). სეზონის დასრულებამდე 7 რბოლაა დარჩენილი, ერთად ვნახავთ შეძლებს თუ არა ნიდერლანდელი ისტორიული ქამბექის შესრულებას.
რაც შეეხება ნურბურგრინგს, Nordchleife-ის ტრეკი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ და სახიფათო ტრასად ითვლება, 20 კილომეტრზე მეტი სიგრძისაა და 170-ზე მეტ მოსახვევს მოიცავს, რაც “მწვანე ჯოჯოხეთის” სახელითაა შერაცხილი. აქ გამარჯვება პრესტიჟულია, რადგან ტრასა როგორც ავტომობილს, ასევე პილოტს ცდის. სწორედ ამიტომ, 27 წლის მრბოლელის GT3-ში გამოსვლა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.
66 წლის ასაკში 6 საათიანი რბოლა – Sky Sports-ის კომენტატორი ძველ პროფესიას უბრუნდება