“ვერ ვუძლებ საფლავთან სიშორეს” – ყარაბაღელი ოჯახები ომში დაღუპულთა სომხეთში გადმოსვენებას ითხოვენ

უკვე მეორე წელია, რაც მთიანი ყარაბაღის 2023 წლის ომის შედეგად დაღუპულთა ოჯახები და იძულებით გადაადგილებული პირები ითხოვენ სომხეთის ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან დახმარებას, რათა შეძლონ თავიანთი ახლობლების ნეშტების ექსჰუმაცია და ხელახალი დაკრძალვა.
მთიანი ყარაბაღის ყოფილმა პრეზიდენტმა, სამველ შახრამანიანმა, რომელიც ყარაბაღის უკანასკნელი ომის 2 წლისთავთან დაკავშირებით სამხედრო პანთეონ „იერაბლურში“ მივიდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „2023 წლის სექტემბრის ომის შედეგად დაღუპული 66 ადამიანის“ ხელახალი დაკრძალვის საკითხი ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა და პროცესი შეჩერებულია”.
„უკვე მეორე წელია მოვდივართ „იერაბლურში“, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებმაც საკუთარ თავზე მიიღეს აზერბაიჯანის აგრესიის დარტყმა და მოსახლეობას მისცეს შესაძლებლობა, შედარებით უსაფრთხოდ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები“, – თქვა შახრამანიანმა.
მისი თქმით, 2023 წლის სექტემბრის იძულებითი გადაადგილების შემდეგ, ყარაბაღის ხელისუფლებამ (რომელიც იმ დროს სომხეთში იმყოფებოდა) „იერაბლურში“ ხელახალი დაკრძალვის საკითხი ოფიციალურად დააყენა. საუბარია 66 სამხედრო მოსამსახურეზე, რომელთა ნაწილი სტეფანაკერტის საერთო სასაფლაოზეა დამარხული, ნაწილი კი, მთიანი ყარაბაღის სხვადასხვა რეგიონში.
შეთანხმება, რომელიც არ შესრულდა
შახრამანიანის ცნობით, სომხეთის ხელისუფლებასა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს შორის ნეშტების გადმოსვენებაზე წინასწარი შეთანხმება მიღწეული იყო, თუმცა პროცესი დღემდე არ განხორციელებულა.
„მე პირადად კავშირზე ვიყავი იმდროინდელ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ არმენ აბაზიანთან, რომელიც მძევლების, ტყვეთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისიას ხელმძღვანელობდა, მაგრამ რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა”.
“ვერ ვუძლებ მის საფლავთან სიშორეს”
ერევანში, მთავრობის შენობის წინ, 2025 წლის სექტემბრის დასაწყისიდან კვლავ მიმდინარეობს მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ ადამიანთა აქციები.
ისინი სომხეთის ხელისუფლებას კვლავ სთხოვენ, უზრუნველყოს 2023 წლის სექტემბერში მთიან ყარაბაღზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ცხედრების ექსჰუმაცია.
ანაიტ ბაგდასარიანი ერთ-ერთია მათ შორის. ყარაბაღის ომის დროს მისი ქმარი სამხედრო მოსამსახურე იყო და აზერბაიჯანის საომარი შეტევიდან მალევე დაიღუპა. ანაიტი ორ მცირეწლოვანთან ერთად ახლა ერევანში ცხოვრობს.
“თითქოს ის არ გვეყოფნიდა, რომ ქმარი დავკარგე, ახლა მისი საფლავიც ასე შორს დარჩა. ეს ჩემს ტკივილს აორმაგებს. მე კი მეტი არაფერი შემიძლია, გარდა იმისა, რომ ამ აქციებზე ვიარო და მისი ნეშტის გადმოსვენება მოვითხოვო”, – ამბობს ანაიტი.
“სომხეთში წამოსვლამდე გული მიგრძნობდა, რომ ეს სამუდამოა და ყარაბაღში ვეღარ დავბრუნდებით. ამიტომ წამოსვლამდე ქმრის საფლავზე გავიქეცი და მუჭით მიწა ამოვიღე, რომელიც თან წამოვიღე. ეს ყველაზე ღირებული რამაა, რაც ყარაბაღიდან წამოსვლის შემდეგ დამრჩა”, – ამბობს ანა ოგანეზიანი.
2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო. ოფიციალური ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოქმედებების შედეგად დაიღუპა 244 ადამიანი, მათ შორის- 11 მშვიდობიანი მოქალაქე, 11 ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ამავე თემაზე:
“ჩემი ქმრის საფლავი ყარაბაღში დარჩა, თუმცა, ცოტა მიწა ჩამოვიტანე” – 27 წლის ქალის ამბავი