B.P. TRANS-ის დაკავებული ფინანსური მენეჯერის ადვოკატი – იოსებ ჭანჭალეიშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს – როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ისე მასთან სამსახურებრივ ბმაში მყოფი ადამიანები უდანაშაულოები არიან

სუს-ის მიერ დაკავებული, კომპანია B.P. TRANS-ის ფინანსური მენეჯერი იოსებ ჭანჭალეიშვილი ბრალდებას არ აღიარებს. აღნიშნულის შესახებ მისმა ადვოკატმა შოთა მანელიძემ განაცხადა.
მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალდების წარდგენის შემდეგ დატოვა.
„ის თავს დამნაშავედ არ ცნობს, ეს მხოლოდ აბსტრაქტული მოცემულობა არაა. მე და ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა გარკვეული საკითხები გავიარეთ, შევაჯერეთ. მას რატომღაც ედავებიან თაღლითობაში წინასწარი შეთანხმებით დახმარებას და ასევე, ყალბი დოკუმენტის დამზადებას, გამოყენებას, არც ერთ კონკრეტულ სეგმენტში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მას ჩვენება მიცემული არ აქვს. როცა ბრალდება გააცნეს, მიუთითა, რომ ამჟამინდელი მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას, დეტალებზე ისაუბროს.
მის მოვალეობას, უფლებამოსილებას არ შეადგენდა რომელიმე კონკრეტულ დოკუმენტთან მიმართებით, მით უმეტეს, ფინანსური კვეთა წარმოშობილიყო და მასზე მოეწერა ხელი, ის იყო ფინანსური მენეჯერი, რომელიც სამუშაოთა წარმოებას ადევნებდა თვალ-ყურს. ცალსახად შემიძლია გითხრათ, კონკრეტული დოკუმენტი მისი მხრიდან არც შედგენილა და არც ხელი მოუწერია იმ ფორმულაში, რაც ბრალდების მხარეს სურს მთლიან სურათში წარმოადგინოს… ძირითადად, რასაც გადავხედე, მძღოლების ჩვენებები დევს, შინაარსობრივ ნაწილში ვერ შევალ.
არათუ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის, სხვა პირების მიერ, რამე დანაშაულებრივი ქმედების საკითხზე შეუძლებელია, მე ამ ეტაპზე ვისაუბრო. მიმაჩნია, რომ როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ისე მასთან პირდაპირ, თუ არაპირდაპირ სამსახურებრივ ბმაში მყოფი ადამიანები უდანაშაულოები არიან”,- განაცხადა მანელიძემ.
შეგახსენებთ, საქმე ეხება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტს.
აღნიშნულზე დაკავებულია შპს B.P. TRANS – ის დირექტორი ვალერიან კვარაცხელია, ამავე კომპანიის თანამშრომელი იოსებ ჭანჭალეიშვილი და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი, ხოლო რაც შეეხება შპს B.P. TRANS -ის ყოფილ დირექტორს, 100%-იანი წილის მფლობელსა და ამავე დროს ვანში „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრს, ბიჭიკო პაიკიძეს, ის მიმალვაშია.
სუს-ის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პროცესში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთის და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული, ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი ქვაყრილის ლოდებით მოწყობის სამუშაოების განხორციელებისას, შპს „B.P. TRANS“-ის 100%-ანი წილის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, ამავე კომპანიის დირექტორ ვ.კ-ს, კომპანიის თანამშრომელ ი.ჭ-ს და ხელშეკრულების შესრულების ზედამხედველი პირების გ.კ-ს, რ.ფ-ს და ი.გ-ს დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 4 184 249 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
დაკავებულებსა და პაიკიძეს ედავებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.