კომპანია B.P. TRANS-ის მფლობელისა და ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ბიჭიკო პაიკიძის ადვოკატის განცხადებით, პაიკიძე ონკოლოგიური პაციენტია და თურქეთში ამ მიზნით გაემგზავრა

კომპანია B.P. TRANS- ის მფლობელისა და ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ბიჭიკო პაიკიძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, პაიკიძე ონკოლოგიური პაციენტია და ის საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში ამ მიზნით გაემგზავრა.
ჭკადუას განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს, პაიკიძე, რომელსაც დიდი ოდენობით თაღლითობას ედავებიან, შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით გააფრთხილეს და ამიტომ დატოვა ქვეყანა.
„დაბარებული ვარ, რათა დაუსწრებლად მოხდეს ბრალის წარდგენა. ბუნებრივია, ბრალის დადგენილებას ჩავიბარებთ და სისხლის სამართლის საქმის მასალებს. ბიჭიკო პაიკიძეს გააჩნია ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. ონკოლოგიური პაციენტია. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ ის სხვადასხვა დროს, დროებით ტოვებს ხოლმე საქართველოს, ვინაიდან თურქეთის რესპუბლიკაში მკურნალობს, ეს იყო მისი ჩვეულებრივი წასვლა, არანაირ გაფრთხილებას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, რამე სახის საფრთხე დამუქრებოდა, არ არსებობდა. დავიწყოთ იმით, რომ ის საქართველოდან თურქეთის მიმართულებით გაემგზავრა, მან გარკვეული პროცედურები ჩაიტარა, ჩემთვის მისი ადგილსამყოფელი რომ ცნობილი იყოს, ბუნებრივია, ამას ვერ მოგახსენებთ. მე მასთან კომუნიკაცია ამ დრომდე არ მქონია”,- განაცხადა ჭკადუამ.
შეგახსენებთ, სუს-მა 4 მლნ ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, B.P. TRANS-ის დირექტორი ვ.კ, ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ. და საზედამხედველო კომპანიის 3 თანამშრომელი დააკავა, ხოლო შპს B.P. TRANS -ის ყოფილ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, ამჟამად მიმალვაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს.პ.-ს დაუსწრებლად წარედგინება ბრალდება და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. დაკავებულებთან ადვოკატები ამ წუთებში შედიან.
საქმე ეხება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტს.
„ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პროცესში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთის და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული, ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი ქვაყრილის ლოდებით მოწყობის სამუშაოების განხორციელებისას, შპს „B.P. TRANS“-ის 100%-ანი წილის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, ამავე კომპანიის დირექტორ ვ.კ-ს, კომპანიის თანამშრომელ ი.ჭ-ს და ხელშეკრულების შესრულების ზედამხედველი პირების გ.კ-ს, რ.ფ-ს და ი.გ-ს დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 4 184 249 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებულებსა და პაიკიძეს ედავებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.