შალვა პაპუაშვილი – გამოვიყენეთ პირადი შეხვედრების და საჯარო მოწოდების ინსტრუმენტი, მაგრამ ზოგ შემთხვევებში, ეს არ ჭრის, ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო ელჩის დაბარება – შეხვედრაზე პეტერ ფიშერს აუხსნეს, რას ნიშნავს ვენის კონვენცია

გამოვიყენეთ ყველა ინსტრუმენტი, როგორც პირადი შეხვედრების, ისე საჯარო მოწოდებისა და განმარტების, მაგრამ ვხედავთ, რომ ზოგ შემთხვევებში, ეს არ ჭრის. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო ამ დიპლომატიური ზომის, ელჩის დაბარების გამოყენებაც – შეხვედრაზე პეტერ ფიშერს აუხსნეს, რას ნიშნავს ვენის კონვენცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ელჩის დაბარებას.
პაპუაშვილის თქმით, ზოგიერთი დიპლომატისგან ვენის კონვენცია „აბსოლუტურად უგულებელყოფილია“.
„ჩვენ გამოვიყენეთ ყველა ინსტრუმენტი, როგორც პირადი შეხვედრების, ისე საჯარო მოწოდებისა და განმარტების, მაგრამ ვხედავთ, რომ ზოგ შემთხვევებში ეს არ ჭრის. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო ამ დიპლომატიური ზომის – ელჩის დაბარების გამოყენებაც, რათა მათთვის აეხსნათ, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არავინ არ უნდა დაარღვიოს. ეს მოწოდებები არ მოქმედებს ერთი მიმართულებით. ყველა უნდა დაემორჩილოს წესებს და კონვენციებს, ამ შემთხვევაში ვენის კონვენციებს, რომელიც, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ზოგიერთი დიპლომატის მხრიდან აბსოლუტურად უგულებელყოფილია.
ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელი განცხადებაც ნახეთ. ბატონ პეტერს აუხსნეს, რას ნიშნავს ვენის კონვენცია, მისი 41-ე მუხლი, ამასთან, ჩარევის მაგალითები მიაწოდეს. განცხადებიდან გავიგეთ, რომ ეს ზეპირი განცხადებები ბატონი პეტერის თუ მათ შორის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, თითქოს დეზინფორმაციაზე, არის დეზინფორმაცია თუ ცრუ ნარატივი. საგარეო საქმეთა სამინისტროს გერმანიის მხარისგან მოთხოვნილი აქვს, დაასახელონ მაგალითები ცრუ ნარატივების, დეზინფორმაციებისა და თავდასხმის. დღემდე, არ მიუღია განმარტება და მაგალითი ამასთან დაკავშირებით. როგორც ვხვდები, მათ შორის, გუშინდელ შეხვედრაზე ეს მაგალითები არ დასახელებულა“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებითვე, როდესაც „ქართული ოცნების“ მხრიდან ისმის განცხადებები, რომლებიც უცხოეთიდან „ექსტრემიზმის წახალისებას“ შეეხება, ისინი ამის შესახებ კონკრეტულ მაგალითს ამბობენ.
„ბატონ პეტერთან დაკავშირებით კონკრეტული მაგალითი მოვიტანეთ. კერძოდ, არსებობს კონკრეტული დაჯგუფება, რომელიც ქალ დეპუტატს მიუვარდა, მცირეწლოვან შვილთან ერთად მიაყენა შეურაცხყოფა, ეძახა „მონა“. მეორე დღეს გამოვიდნენ და ამას სკანდირებდნენ. ამ ინციდენტის შემდეგ, ამ დაჯგუფებას შეხვდა ბატონი პეტერი. მათთან ფოტო გადაიღო, ეს ყველაფერი დადო „ტვიტერზე“ და თქვა, რომ ეს ადამიანები არიან საქართველოს მოქალაქეები. ახლა, მოვიყვანე კონკრეტული მაგალითი. უნდა ბატონ პეტერს, უნდა რომელიმე მის გულშემატკივარს, თქვას, რომ ქალ დეპუტატთან, არასრულწლოვან შვილთან ერთად მივარდნა და დეჰუმანიზაციის მიზნის მქონე ტერმინოლოგით თავდასხმა და შეურაცხყოფა, ამასთან „მონას“ ძახილი, ეს არის რადიკალიზმი. ამის არგუმენტი მოიყვანონ. და მეორე – თქვან, რომ როდესაც ამ ადამიანებს ხვდები და ამბობ, რომ ესენი არიან საქართველოს მომავალი, ეს არ არის რადიკალიზმის წახალისება. ველი გამოხმაურებას ამასთან დაკავშირებით.
ქართველ ხალხს ნურავინ ნუ მიჩნევს სულელად. ეს განცხადებები, რომ ეს არ არის სიმართლე… ასე ელაპარაკონ სხვებს. ქართველ ხალხს თუ ეუბნებიან, რომ რაღაც არ არის სიმართლე, კეთილი ინებოს ყველამ და არგუმენტები მოიტანონ. არგუმენტების გარეშე ხელის აქნევა, ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა.
ვის დავალებასაც არ უნდა ასრულებდნენ კონკრეტული დიპლომატები, ფაქტია, რომ ისინი აზიანებენ საკუთარ თავს და საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას. თავისი რეპუტაცია დაიზიანონ, ეს ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ მათი ქვეყნის რეპუტაცია რომ ზიანდება, ეს ჩვენთვის, ორმხრივი ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, როცა გერმანიაზე ვსაუბრობთ. შეიძლება რომელიმე ერებთან გასდით, მაგრამ ქართველ ხალხთან არ გაუვათ. ზოგიერთს, ხანდახან, ჩვენი სტუმართმოყვარეობა ფეხქვეშ გაგებაში ეშლებათ. ეს ბევრ დიდ ერს მოსვლია ქართველებთან დაკავშირებით და ამ შეცდომას ნუ დაუშვებენ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.