„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი არ მიიწვიეს ნიუ-იორკში ტრანსატლანტიკურ ვახშამზე, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მასპინძლობდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ტრანსატლანტიკურ ვახშამს ესწრებოდნენ ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ნატოს გენერალურ მდივანი მარკ რუტე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები.
„სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას მშვიდობის შენარჩუნებისა და კეთილდღეობის მისაღწევად, ნატოს წევრი ქვეყნების ისტორიულ ვალდებულებას, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები შეკავების გასაძლიერებლად და დიპლომატიური ჩართულობის მნიშვნელობას რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად.
მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა ჩინეთის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას; ერთობლივ თანამშრომლობას ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის მისაღწევად, მათ შორის იმის უზრუნველყოფით, რომ ირანმა არასდროს შექმნას ან მიიღოს ბირთვული იარაღი და პრეზიდენტის მიღწევას სომხეთისა და აზერბაიჯანის მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე დაყენებაში“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
