კვირას, 28 სექტემბერს, 19:00-ზე ქართულ-გერმანული მარში დაანონსდა, რომელიც გერმანიის საელჩოდან დაიძვრება და გაემართება საქართველოს პარლამენტისკენ გაემართება.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მარში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მუქარების და თავდასხმების საპასუხოდ დაიგეგმა.
„გერმანია არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი. მისი აქტიური მხარდაჭერით, უკვე მრავალი წელია ჩვენი ქვეყანაში მიმდინარეობს ინსტიტუტების გაძლიერება, ინფრასტრუქტურული განვითარება თუ ახალგაზრდებისთვის ახალი, მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნა.
გერმანიის ელჩი საქართველოში არის ამ პარტნიორობის სიმბოლო. მისი ღია მხარდაჭერა დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ევროპული ინტეგრაციისათვის წარმოადგენს იმ ღირებულებებს, რომლებიც აერთიანებს საქართველოსა და გერმანიას.
მის წინააღმდეგ მიმართული სახელისუფლებო მუქარები ჩვენთვის არის თავდასხმა არა მხოლოდ თვით ელჩზე, არამედ ქართულ-გერმანულ მრავალწლიან მეგობრობაზე.
მეგობრებო,
მტკიცედ დავდგეთ ჩვენი ევროპელი მეგობრების გვერდით და დავიცვათ ის ღირებულებები, რომლებიც საქართველოს ევროპული ოჯახის განუყოფელ ნაწილად აქცევს.
მოგიწოდებთ ყველას, შემოუერთდეთ ქართულ-გერმანულ მეგობრობის მარშს – ერთად ევროპისაკენ!”, – აცხადებენ გამოქვეყნებულ განცხადებაში აქციის ორგანიზატორები.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ 24 სექტემბერს გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი დაიბარა. უწყების ცნობით, გერმანიის ელჩს ვენის კონვენციის პატივისცემაზე მიუთითეს და „რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობაზე“ შეშფოთება გამოთქვეს.
გერმანია უსაფუძვლოს უწოდებს და გმობს საქართველოში მისი ელჩის დაბარებას საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ამ ბრალდებებს გამოეხმაურა თავად გერმანიის ელჩიც.
„ნუ დაიჯერებთ ცრუ ნარატივს, თითქოს მე და ჩემი კოლეგა დიპლომატები რაღაცნაირად „რადიკალურ დღის წესრიგს“ მივყვებით. ჩემი ყველა აქტივობა სრულად შეესაბამება გერმანიის მთავრობისა და ევროკავშირის პოზიციას, რაც არაერთხელ გაცხადებულა წერილობით ევროპული საბჭოს, ჩვენი 27 არჩეული ლიდერის მიერ“, – აცხადებს გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი.