„ქართული ოცნების“ მიერ რელიგიური ნაგებობების შეურაცხყოფისთვის კანონპროექტის ინიცირება არის ფარისევლობა, მაშინ როდესაც ზუსტი განმარტება არ არსებობს, რა ითვლება რელიგიურ ნივთად, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე „ქართული ოცნების“ ინიციატივას, რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრების თაობაზე.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, „ოცნების“ ინიციატივა ფარისევლობაა და ქრისტიანული ფასეულობების დაცვას არ ემსახურება.
„კარგია ყველა ის ინიციატივა, რომელიც რეალურად ემსახურება ჩვენი სიწმინდეების, ქრისტიანული ფასეულობების დაცვას, მაგრამ „ქართული ოცნების“ მიერ რელიგიური ნაგებობების შეურაცხყოფისთვის კანონპროექტის ინიცირება არის ფარისევლობა, მაშინ როდესაც ზუსტი განმარტება არ არსებობს, რა ითვლება რელიგიურ ნივთად.
ისე არ მოხდეს, რომ მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმინდა გიორგის ადგილი სტალინის „წმინდა იოსების“ მსგავსმა ცრუ ხატებმა დაიკავოს და მერე ამაზე როცა ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლი ოჯახის წევრის შვილი ან შვილიშვილი პროტესტს გამოთქვამს, ბაბუის ან მამის დახვრეტის შემდეგ, შვილი ან შვილიშვილიც დააკავონ. ეს კი იქნება ნამდვილი ბოლშევიზმი. ტოტალიტარიზმის სრული რესტავრაცია საქართველოში“, – განაცხადა მანჯგალაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.