ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული გელა უძილაურის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ რამდენიმე მოწმე დაკითხა, მათ შორის ტაქსის მძღოლი და რამდენიმე ექსპერტი

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული გელა უძილაურის სასამართლო პროცესი, საქალაქო სასამართლოში ევაკუაციის გამოცხადების გამო შეწყდა და ის სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს.
ევაკუაციის გამოცხადებამდე ბრალდების მხარემ რამდენიმე მოწმე დაკითხა, მათ შორის ტაქსის მძღოლი და რამდენიმე ექსპერტი.
როგორც ტაქსის მძღოლმა მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვისას განაცხადა, სწორედ მან მიიყვანა კეკელიძის ქუჩიდან ბრალდებული, ვაზისუბანში ერთ-ერთ მისამართზე.
„ღამის 11-12 საათი იქნებოდა, როდესაც შეკვეთა მივიღე, თუმცა ბარნოვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გამაჩერა პიროვნებამ და მითხრა „ვაზისუბანში წამიყვანეო“. ვუთხარი, რომ შეკვეთა უკვე აღებული მქონდა და ვერ წავიყვანდი. მაგრამ მითხრა, რომ ბებია მყავს ცუდადო და მის მდგომარეობაში შევედი და შეკვეთა გავაუქმე, რის შემდეგაც, ვაზისუბნისკენ გავემართეთ. ავტომობილში საუბარი არ გვქონია. არც ტელეფონით დაურეკავს. როდესაც მივიყვანე 50 ლარი მომცა, რის შემდეგადაც, კვლავ გავაგრძელე მუშაობა.
შემდეგ დამირეკეს პოლიციიდან, აინტერესებდათ თუ რა მისამართზე მივიყვანე. ასევე, მათ 4 ფოტოსურათი მაჩვენეს, საიდანაც მივუთითე თუ ის, რომელიც კეკელიძის ქუჩიდან, ვაზისუბანში წავიყვანე, თუმცა მისი სახელი და გვარი არ ვიცოდი“, – განაცხადა ტაქსის მძღოლმა.
ასევე, სასამართლო პროცესზე დაიკითხა 2 ექსპერტიც. როგორც ერთ-ერთმა ექსპერტმა, ვალერიან მესხმა განაცხადა, პროკურატურის მიერ გადაცემულ ვიდეოებში ბრალდებულები, სანდრო წივწივაძე და გიორგი ჯოხაძე ჩანან.
რაც შეეხება სასტუმრო „ამბასადორის“ ვიდეო/კამერების ჩანაწერს, სადაც პროკურატურის თქმით, გელა უძილაური ჩანს, ექსპერტი აცხადებს, რომ ჩანაწერებში სახე არ ჩანს, თუმცა „სხვა ნიშნებიდან გამომდინარე, ვიდეოზე სავარაუდოდ გელა უძილაურია გამოსახული“.
მეორე ექსპერტმა, დავით გრატიაშვილმა, რომელმაც ვიდეო/ჩანაწერებში ფიგურანტი პირების ხმის ექსპერტიზა ჩაატარა, განაცხადა, რომ ერთ ვიდეოში, სანდრო წივწივაძის ძმის, ზურამ ჯანიაშვილის [სანდრო წივწივაძის ნახევარძმა] ხმაა. მეორე ვიდეოში ექსპერტის თქმით, მამუკა და ოთარ ბაღდავაძეების ხმაა ასახული, ხოლო მესამე ვიდეოში, გიორგი კაჭკაჭიშვილის ხმა ისმის.
ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაურია დაკავებული.
შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.
პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.