ევროსაბჭო – ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დელეგაცია 24 და 25 სექტემბერს საქართველოში, ფაქტების შესწავლის მიზნით, ვიზიტს განახორციელებს

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დელეგაცია 24 და 25 სექტემბერს საქართველოში, ფაქტების შესწავლის მიზნით, ვიზიტს განახორციელებს, – ამის შესახებ ევროსაბჭოს პრესრელისზშია აღნიშნული.
ევროპის საბჭოს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებზე არსებული პოლიტიკური სიტუაციის გავლენის შეფასება, რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება 4 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს დაეთმობა.
„დელეგაციის შემადგენლობაში შევლენ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების პალატის პრეზიდენტი, ბერნდ ფორინგერი (გერმანია) და ადგილობრივი და რეგიონული ს დაკვირვების საკითხებში კონგრესის პრესსპიკერი, სტიუარტ დიკსონი (გაერთიანებული სამეფო), რომლებსაც თან ახლავს ექსპერტი, პროფესორი ტანია გროპი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ევროპის საბჭოს ინფორმაციით, დელეგაცია შეხვდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველის პირველ მოადგილეს და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს. ასევე, ისინი გაცვლიან მოსაზრებებს კონგრესში საქართველოს ეროვნული დელეგაციის წევრებთან და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებთან.
გარდა ამისა, დელეგაცია შეხვდება მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.
„ეს ვიზიტი არ უნდა იქნას განხილული, როგორც ლეგიტიმურობის ან შეხვედრების მონაწილე თანამოსაუბრეების შეხედულებების პოლიტიკური მხარდაჭერა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.