ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული გელა უძილაურის ადვოკატის, გიორგი გამხიტაშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოკითხულმა ექსპერტმა განაცხადა, რომ იგი გელა უძილაურის „ამბასადორში“ ყოფნის ფაქტს არც ადასტურებს და არც უარყოფს.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, „ამბასადორის“ ეპიზოდთან მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია.
მისივე მტკიცებით, ყველა ამოცნობის ოქმი, მათ შორის ის გამოკითხვები, სადაც გელა უძილაურის ვიზუალს აღწერენ, გამომძიებლების შემოქმედებაა.
„დღეს გამოიკითხა ბრალდების რამდენიმე მოწმე, მათ შორის ექსპერტი, რომელმაც „ამბასადორის“ კადრები შეისწავლა. სასამართლო განხილვის დროს კითხვაზე გვიპასუხა, რომ იგი გელა უძილაურის „ამბასადორში“ ყოფნის ფაქტს არც ადასტურებს და არც უარყოფს.
„ამბასადორის“ ეპიზოდთან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია. შესაბამისი ცოდნისა და კვალიფიკაციის მქონე ადამიანმა ვერ გააკეთა დასკვნა და მეგობარი აკეთებს დასკვნას? აქ ისმის კითხვა, მის მიმართ ხომ არ ჰქონდა ადგილი დაკავების ან რაიმე სახის მუქარას ადგილი…
პირდაპირ გეტყვით, ამოცნობის ოქმები არის ძალიან საეჭვო და შაბლონური. ყველა ამოცნობის ოქმი, მათ შორის ის გამოკითხვები, სადაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ვიზუალს აღწერენ, ეს გამომძიებლების შემოქმედებაა“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, დღეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული გელა უძილაურის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ რამდენიმე მოწმე დაკითხა, მათ შორის ტაქსის მძღოლი და რამდენიმე ექსპერტი.
შეგახსენებთ, გელა უძილაური ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.
შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.
პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
