სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ გიორგი ჩიკვაიძე პაემნის უფლება აეკრძალა.
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, გიორგი ჩიკვაიძეს 1 თვის განმავლობაში 2 ხანმოკლე პაემნის უფლება აქვს და სექტემბრის დასაწყისში კუთვნილი ხანმოკლე პაემნის უფლებით უკვე ისარგებლა, ხოლო თვის განმავლობაში კუთვნილი მეორე ხანმოკლე პაემანი საკუთარი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, სატელეფონო საუბრის უფლებით შეეცვალა.
„აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ.ჩ.-ს ხანმოკლე პაემნით სარგებლობა 2025 წლის ოქტომბრამდე აღარ ეკუთვნის. აქვე დავაზუსტებთ, რომ პენიტენციური კოდექსის 119-ე და 122-ე მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულს 1 წლის განმავლობაში აქვს 3 ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომლით სარგებლობაზეც უარს თავად აცხადებს (აღნიშნული დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით).
რაც შეეხება მსჯავრდებულის ხანმოკლე პაემანს მინის გამყოფ ბარიერს მიღმა, საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პენიტენციური დაწესებულების დებულებით, ეს წესი მოქმედებს აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ყველა მსჯავრდებულისთვის“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის დედა, ეკა წერეთელი წერს, რომ მის შვილს მშობლებთან პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობას არ აძლევენ. ოჯახი ამას უკავშირებს ჩიკვაიძის ინტერვიუს TV პირველთან, სადაც ის საუბრობს საქართველოში რუსული სპეცსამსახურების მიერ საქართველოში შექმნილ ქოლ-ცენტრებზე.
20 სექტემბერს “ნოდარ მელაძის შაბათის” ეთერმა ჩაწერა ინტერვიუ ციხეში მყოფ გიორგი ჩიკვაიძესთან. ჩიკვაიძე ამბობს, რომ რუსეთის უშიშროების სამსახური საქართველოში ამუშავებს ე.წ. ქოლ-ცენტრებს, რომელთა მიზანია აშშ-ის ფედერალური ბიუროს თანამშრომლების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და მათზე კიბერ-თავდასხმების ორგანიზებაა. ჩიკვაიძე ირწმუნება, რომ ეს ქსელი საქართველოში 2 წელზე მეტია მოქმედებს. მისივე თქმით, 4 ოქტომბრამდე – თვითმმართველობის არჩევნებამდე – პერიოდულად გაასაჯაროებს ამ ქოლ-ცენტრების და მათი ხელმძღვანელი პირების მისამართებს, რათა მედიამ ამ ინფორმაციის გადამოწმება შეძლოს. ჩიკვაიძის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაცია ჯერ კიდევ დაკავებამდე დეტალურად მიაწოდა აშშ-ის საელჩოს საქართველოში.
ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე მიმდინარე წლის მარტში დააკავეს. “ქართული ოცნების” ყოფილ მოკავშირე ბიზნესმენს პროკურატურა ედავებოდა სისხლის სამართის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს. კონკრეტულად, უწყების ვერსიით, ჩიკვაიძემ მოატყუა ბიზნესმენი ელგუჯა თურმანიძე, რომლისთვისაც იტალიიდან იახტა უნდა ჩამოეყვანა, თუმცა არც იახტა ჩამოუყვანია და არც ფული დაუბრუნებია. 7 მაისს გიორგი ჩიკვაიძეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ამავე თემაზე:
· “არ მინდა, რომ ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვიდე” – რატომ არ ასაჯაროებს ჩიკვაიძე ყველა სამხილს ივანიშვილის წინააღმდეგ
· დაკავების შემდეგ მაიძულებდნენ მეთქვა, რომ აშშ-ის საელჩო მაძლევდა დირექტივებს – ჩიკვაიძე
· მეც გამაშიშვლეს და ბუქნების კეთებაც მაიძულეს, რის შემდეგაც გამატარეს სკანერზე – ჩიკვაიძე
· ვეღარ გადავადგილდები, მარცხენა თვალით ვეღარ ვხედავ — გიორგი ჩიკვაიძე
