ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს.
გახარიას თქმით, ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად ისევ დაბრუნება იძულებითი ნაბიჯი იყო და ამით დაადასტურა, რომ პასუხისმგებლობას ვერ დაემალებოდა.
როგორც გახარია ამბობს, ივანიშვილმა თავად აღიარა, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების უკან თავად იდგა.
„აი, მისი ეს პასაჟი, რომ 2-3 ადამიანს ვაძლევდი კონსულტაციებსო… რა თქმა უნდა, 3-ს, 4-ს,5-ს, 6-ს… მე ხომ ვიცი, ეს როგორ ხდება და როგორც მუშაობს.
აღიარა, რომ ეს პატარა მშიშარა ბიჭები არაფრის მაქნისები არიან და რა თქმა უნდა, მათ იმედზე ვერც თვითონ დარჩება და იმედი მაქვს, ხვდება, რომ ქვეყანასაც ვერ დატოვებს. რაც მთავარია, აღიარა კორუფცია და აღიარა, რომ ქვეყანაში სერიოზული სისტემური კორუფციული რისკებია.
სიმართლე გითხრათ, მისი გამოჩენის მიზეზის ამ სუსტ დასაბუთებას რომ ვუსმენდი, ადამიანურად შემეცოდა კიდეც, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა არც ერთი სიტყვა სიმართლე არ თქვა, ან ვერ თქვა“, – განაცხადა გახარიამ.
გახარიას თქმით, ივანიშვილმა მისი გადადგომის პირველივე დღიდან ზუსტად იცოდა „ვერავინ და ვერაფერი გააჩერებდა“.
„ზუსტად იცოდა იმიტომ, რომ ყველაზე კარგად, დეტალურად იცოდა ამ გადადგომის მიზეზები. შესაბამისად, 3 წელია ასე იწყევლება. ჯერ იყო წერილებიდან, შემდეგ ამ პატარა მშიშარა ბიჭების საშუალებით, ახლა თვითონ გამოვიდა და წყევლას განაგრძობს. ხანხადახან მგონია, რომ ივანიშვილი ფიქრობს, მის წყევლას რაღაც მაგიური ძალა აქვს. სამწუხაროდ მის წყევლას მაგიური ძალა კი არა… იმდენჯერ მოატყუა ხალხიც და გუნდიც, რომ მის სიტყვას არანაირი ძალა აქვს და უნდა გვესმოდეს, რადგანაც მის სიტყვას ძალა არ აქვს, ის ამ წყევლას გააგრძელებს“, – განაცხადა გახარიამ.
გახარიას თქმით, ივანიშვილის მხრიდან მის მისამართით გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, ყველა პასუხისმგებლობიანი ადამიანი ვალდებულია, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.
„მე ველოდები ამ ნაბიჯებს. უფრო მეტიც,თუ მისი სურვილი იქნება, ნებისმიერ ფორმატში [მზად ვარ დებატებისთვის]: სამართლებრივად? – მისსავე სასამართლოში; პოლიტიკურად? – მისსავე მედია საშუალებების პლატფორმაზე, ქართულად? – ნებისმიერი დამსწრეების პირობებში. ზუსტად ვიცი, რომ სამართლებრივადაც 100%-იანი მართალი ვარ, პოლიტიკურადაც 100%-იანი მართალი ვარ და რაც მთავარია, ადამიანურად ვარ მართალი და ეს თვითონაც ძალიან კარგად იცის.
საბოლოო ჯამში, ეს არის უთანხმოების მოგვარების ან ბრალდებების დადასტურების ქართული ტრადიციული წესი და ეს არის პოლიტიკის კეთების ევროპული სტანდარტიც. ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეყოფა გამბედაობა და აღარ დაიმალება. ეს იქნება პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსის ნაბიჯი, ეს იქნება პატივისცემა ჩვენი მოქალაქეების. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ძალიან ბევრი რამ აინტერესებთ“, – განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა. გადადგომისას მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდთან ვერ მიაღწია შეთანხმებას მაშინდელი ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე. მისი თქმით, ის არ ეთანხმებოდა მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს შექმნიდა ქვეყანაში.
2023 წლის 30 დეკემბერს პოლიტიკაში ოფიციალურად ისევ დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა გახარიას ამ ნაბიჯს „ღალატი“ უწოდა.
„ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნისა და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა. მაშინ მომიწია, მრჩევლის ფუნქცია მეტვირთა და გუნდს კონსულტაციებით რომ არ დავხმარებოდი, პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა“, – განაცხადა ივანიშვილმა.